2023 წლის პირველ მარტს, მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი იხსნება. მუდმივმოქმედ გამოფენასთან ერთად, დამთვალიერებელი გაეცნობა პაოლო იაშვილის 130 წლისადმი მიძღვნილ დროებით ექსპოზიციას.

მუზეუმის გახსნას დაესწრებიან აშშ სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მუზეუმის მხარდამჭერი ორგანიზაციები.

მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი გამოფენა გვიამბობს ტოტალიტარული სახელმწიფოსა და მწერლების ტრაგიკული დაპირისპირებისა და  იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც სისტემა „მწერლობის მოსათვინიერებლად“ იყენებდა.

2 მარტს, 18:00 საათზე, მუზეუმის გახსნის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება მწერალთა სახლისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტური ფილმი „მწერალთა რეპრესიები“ (რეჟისორი  შალვა შენგელი, სცენარის ავტორი მიხეილ ბასილაძე). ფილმი მოგვითხრობს ოთხი რეპრესირებული მწერლის: ნიკოლო მიწიშვილის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ტიციან ტაბიძის შესახებ.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორსა და მოვლენას დაეთმობა, რაც ხელს შეუწყობს საბჭოთა წარსულის სიღრმისეულ გადააზრებას და მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ამ თემაზე ეროვნული მასშტაბის დისკუსიისთვის.

ექსპოზიციაზე იმუშავეს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ, მაგდა ცოცხალაშვილმა, მარიამ ნატროშვილმა, დეთუ ჯინჭარაძემ და ნინო ანდირაშვილმა.

მუზეუმის ფინანსური მხარდამჭერები არიან ამერიკის საელჩო საქართველოში და იუნესკოს პროექტი „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“.