ხარაგაულში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალური პროექტის „რა? სად? როდის?“ თამაშები დაიწყო.
შემოდგომის სეზონის საუკეთესო მოაზროვნე და „ბროლის ბუს“ მფლობელი თამარ ფცქიალაძე გახდა. ის გივი კურტანიძის გუნდის წევრია. ამ გუნდმა ფინალში ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა.
თამარ ფქციალაძე სხვადასხვა წლებში ხარაგაულში გამართული ინტელექტუალური თამაშების ყველა სეზონის მონაწილეა. ძირითადად, დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდის წევრი გახლდათ. ქალბატონო თამარი ამბობს, რომ ყველა იმ გუნდს, რომლის წევრიც თავად იყო, ყველა თამაში მოგებული აქვს.
თამარ ფცქიალაძემ ასევე წარმატებით ითამაშა სატელევიზიო ინტელექტუალურ თამაშებში „მარტივი ლოგიკა“ და „მთავარი ჭკვიანი“.
რა არის მისი მოტივაცია ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობისას, როგორ ემზადება, რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამარჯვება საზოგადოებისთვის და ახალგაზრდებისთვის, – ამ შეკითხვებით თამარ ფცქიალაძეს მივმართეთ.
„საერთოდ, აზარტული ვარ და ძალიან მიყვარს ინტელექტუალური თამაშები, – ამბობს ქალბატონი თამარი, – აზარტულობა წარმატების სურვილსაც მიჩენს. გამარჯვებისკენ ყოველთვის ვისწრაფვი. ცოტა ამბიციურიც ვარ და საკუთარი წარმატება ძალიან გამიხარდა.
ინტელექტუალურ თამაშებს ხარაგაულში კულტურის სამსახურის წარმომადგენელი დავით ჩადუნელი რომ ატარებდა, ყოველთვის ვმონაწილეობდი. თავიდან დაბა ხარაგაულის გუნდის წევრი ვიყავი, შემდეგ გივი კურტანიძემ „ოჯახური“ გუნდი შექმნა. იმ გუნდის წევრები გივი, დედამისი – ზეინაბ ბუაჩიძე, მე და ჩემი შვილი – გიორგი ჭყოიძე, ნათია შარიქაძე და მისი მეუღლე როინ გელაშვილი იყვნენ.
ამჯერად მერიის თანამშრომლები – უჩა ცხადაძე და ბაჩო შველიძე შემოგვიერთდნენ და გუნდი ასე დაკომპლექტდა – გივი კურტანიძე, ზეინაბ ბუაჩიძე, თამარ ფცქიალაძე, ნათია შარიქაძე, უჩა ცხადაძე და ბაჩო შველიძე. სოციალურ ქსელში ჯგუფი შევქმენით, სადაც ერთმანეთს შეკითხვებს ვუგზავნიდით, ვარჩევდით, ვმსჯელობდით. ერთხელ შევიკრიბეთ კიდეც.
ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი ვიფიქრეთ და ამან შედეგი გამოიღო – ლოგიკური აზროვნება გაგვიძლიერა – სად უნდა მოგვეძებნა საკვანძო სიტყვა, ჩამალული პასუხი.
რუბრიკა „ეს საინტერესოა“ სადაც შემხვდება, ყოველთვის ვეცნობი. ბავშვობიდან მათემატიკა მიყვარს. ეს საგანი კი ლოგიკური აზროვნებისა და სხვა უნარების გაძლიერებაში გვეხმარება.
– თქვენ საქართველოს მასშტაბით გამართული რამდენიმე ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემის მონაწილე და გამარჯვებული ბრძანდებით.
– სატელევიზიო თამაშებზე მეტად აქ, ხარაგაულში გამართულ თამაშებზე ვნერვიულობდი. შენიანების წინაშე თამაშობ და მეტი პასუხისმგებლობა გაქვს როგორც გუნდის, ისე მაყურებლის წინაშე. ფინალზე ძალიან ვინერვიულე, რადგან სუპერ ბლიცის შეკითხვის სწორი ვერსია მქონდა და არ ვთქვი.
გადაცემაში „მარტივი ლოგიკა“ მე და ჩემი შვილი გიორგი ჭყოიძე ვმონაწილეობდით. კარგი ტანდემი გვაქვს – მე ჩემი თაობის მოვლენები და ამბები ვიცი, გიორგიმ – თავისი თაობის.
– როგორ ფიქრობთ, ადამიანმა ცოდნა, ძირითადად, წიგნებიდან უნდა მიიღოს თუ ცხოვრებიდან?
– ყველაფრიდან უნდა მიიღო ცოდნა, ყველაფერი გვაძლევს გამოცდილებას, – წიგნი, საზოგადოებაში სწორ დროს და სწორ ადგილას მოხვედრა. მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია.
საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი დავამთავრე. ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ბუღალტრად მუშაობა რომ დავიწყე, ვერ წარმოვიდგენდი, მოსწავლეებთან გაკვეთილის ჩატარება თუ მომიწევდა. პოზიტიურ, მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობამ ეს სურვილები გამიჩინა.
შვიდი წელია, ჭადრაკს ვასწავლი. მოსწავლეებთან ურთიერთობა საოცრება ყოფილა. ვერ გადმოვცემ იმ განცდას, როცა ბავშვი გამორბის, ჩაგეხუტება და გეტყვის, „მასწავლებელო, მიყვარხარო“.
ჭადრაკის სწავლება ჩვენი სკოლის დირექტორის, ნანა კვინიკაძის ხელშეწყობით დავიწყე. მისი ინიციატივით სკოლა ჭადრაკის სწავლების კასპაროვის ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო. ახლა ჭადრაკის სწავლება სავალდებულოც გახდა. მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები დავაინტერესე და ისინი ჭადრაკს კარგად დაეუფლენ.
– ქალბატონო თამარ, თქვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში მოაზროვნე ადამიანი რამდენად ღირებულია?
– მე ვფიქრობ, რომ ღირებულია. მოაზროვნე ადამიანი იყო, არის და იქნება საზოგადოებისგან დაფასებული. თავად პიროვნებასაც გააჩნია, ბევრმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ვერ შეძლო. ჩემი შვილები რეალიზებულები არიან, მუდამ ცხოვრების შუაგულში იმყოფებიან. მთავარია, შენი საქმის კარგად მცოდნე იყო.
ჩემი ქალიშვილი ნინო, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია, ახლა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მედიაფსიქოლოგიის კურსს გადის. თებერვალში დაბრუნდება და სამაგისტრო ნაშრომზე უნდა იმუშაოს. შემდეგ სწავლის დოქტორანტურაში გაგრძელებას გეგმავს. გიორგი ანალიტიკოსია და სპეციალობით პარლამენტის აპარატში მუშაობს. ბექა კი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მწვრთნელია.
აი, ჩემს მეუღლეზე შემიძლია ვთქვა, რომ მისი ნიჭი და შესაძლებლობები არ არის გამოყენებული. ის ძალიან ნიჭიერი და მოაზროვნეა და მხოლოდ სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.
ვფიქრობ, ჩემი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემთვის, არამედ საზოგადოებისთვის. ამით, ახალგაზრდები ცოდნისა და განათლების მიღებით მეტად დაინტერესდებიან. პანდემიის გამო ორწლიანი იზოლაციის შემდეგ ასეთ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
დარწმუნებული ვარ, გულწრფელია ყველა ის ადამიანი, ვინც მირეკავს, მწერს, მკითხულობს და გამარჯვებას მილოცავს.
მომავალში, ალბათ, მეტად მოტივირებული იქნებიან ამ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილე გუნდები. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამ ღონისძიების გამართვას მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეთა გუნდებს შორის გეგმავს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.