ხარაგაულში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ მიმდინარეობს. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) მიერ ორგანიზებულ ამ ინტელექტუალურ თამაშში ზამთრის სეზონზე ოთხი გუნდი ჩაერთო – გივი კურტანიძის, დავით ჩადუნელის, სპარტაკ ლაცაბიძისა და ვერა ოდიკაძის ექვსეულები.
მარელისის საჯარო სკოლის დირექტორის, ვერა ოდიკაძის გუნდში ამავე სკოლის სამი მასწავლებელია – ინგა ვეფხვაძე, ნათია შარიქაძე და დიმიტრი მაღრაძე. ამ გუნდის წევრები – ოთარ მაღლაკელიძე და მალხაზ ქოჩიაშვილი დიმიტრი მაღრაძის მეგობრები არიან და ამ ექვსეულში მისი რეკომენდაციით მოხვდნენ.
გუნდის კაპიტანი ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ ხარაგაულში ინტელექტუალური კლუბის ჩამოყალიბებას, სიხარულით შეხვდა. ის მიიჩნევს, რომ ეს პროექტი ხანგრძლივ დროზეა გათვლილი.
„მთავარი მოტივაცია, რომ ინტელექტუალურ თამაშში მეასპარეზა, ხარაგაულის ინტელექტკლუბისადმი მხარდაჭერა იყო, – ამბობს ქალბატონი ვერა, – გონიერი და განათლებული თანამშრომლები მყავს და მათი წარმოჩენა ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
გუნდში გენდერული ბალანსი დაცულია. გუნდის წევრებზე გეტყვით ორიოდ სიტყვით – ინგა ვეფხვაძე ისტორიკოსია და ისტორიული თარიღები, ფაქტები და მოვლენები კარგად იცის. ნათია შარიქაძე მათემატიკის მასწავლებელია და სწრაფი აზროვნებით გამოირჩევა. დიმიტრი მაღრაძე, რომელიც ასევე მათემატიკას ასწავლის, ძალიან აზარტულია. ის ორ ინტელექტუალურ ტელეპროექტში – „ეთამაშე საქართველოს“ და „ითამაშე ბოლომდე“ ოთარ მაღლაკელიძესთან და მალხაზ ქოჩიაშვილთან ერთად მონაწილეობდა. ორივე პროექტში მათ წარმატება მოიპოვეს.
ჩვენმა გუნდმა კითხვები წიგნებსა და ინტერნეტში მოვიძეთ და ვივარჯიშეთ. განვიხილეთ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ხარაგაულის ინტელექტკლუბის შემოდგომის და ზამთრის სერიის თამაშებს თვალყურს ვადევნებდით და უმეტეს შეკითხვებზე სწორი პასუხები გვქონდა.
მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ჩვენი გუნდით რომ დაინტერესდით. თქვენს მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ“.
„აუცილებელია, რომ ხარაგაულში ინტელექტუალური კლუბი არსებობდეს და თამაშებს რეგულარულად აწყობდეს, – ამბობს ვერა ოდიკაძის ექვსეულის წევრი ნათია შარიქაძე, – ასეთი შეჯიბრება მაჩვენებს, რამდენად შემიძლია საკუთარი ცოდნის მობილიზება“.
ინგა ვეფხვაძეს ისეთი შეკითხვები მოსწონს, რომლებზეც პასუხი არ იცის და ლოგიკური მსჯელობით გამოიცნობს. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ამ ინტელექტუალურ თამაშში უფრო მეტი გუნდი ჩაერთვება.
„ძალიან აზარტული ვარ და ამიტომ სატელევიზიო ინტელექტუალურ თამაშებში ვმონაწილეობ, – ამბობს დიმიტრი მაღრაძე, – შემოდგომის სერიაში თამარ წიწილაშვილის გუნდში ვიყავი. სამ შეკითხვაზე სწორი პასუხი გავეცი. ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი ქალბატონმა ვერამ თავისი საგნის კარგად მცოდნე სპეციალისტებით დააკომპლექტა.
ასეთი ინტელექტუალური თამაშის დროს, ცოდნასთან ერთად, ლოგიკური აზროვნება, ფაქტების შეჯერება და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა საჭირო. გუნდის წევრებთან ერთად ლოგიკურმა მსჯელობამ, როცა კონკრეტულ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ ვიცით, სწორ პასუხამდე უნდა მიგვიყვანოს. ცოდნას ხომ იმისთვის ვაგროვებთ, რომ პრაქტიკაში გამოვიყენოთ“.
ათეული წლების წინ წყალაფორეთის სკოლაში ისტორიას ასწავლიდა ოთარ მაღლაკელიძე. ის ამბობს, რომ სიამოვნებით დათანხმდა ვერა ოდიკაძის გუნდის წევრობას, რადგან ინტელექტუალური თამაშები და ხარაგაული ძალიან უყვარს. მისი თქმით, ხარაგაული ინტელექტუალებით გამორჩეულია და ამ პროექტს წარმატებას უსურვებს.
„ინტელექტუალური თამაში ძალიან მნიშნელოვანია იმიტომ, რომ თუ ამ ქვეყანას რამე გადაარჩენს, ეს განათლებული ადამიანებია, – ამბობს მალხაზ ქოჩიაშვილი, – ჩვენ, ცოტათი უფრო მეტად გამოცდილებმა, უნდა დავაინტერესოთ მომავალი თაობა, ახალგაზრდები, რომ იკითხონ, ცოდნა დააგროვონ, განვითარდნენ და ქვეყანას გამოადგნენ“.
ვერა ოდიკაძის ექვსეულმა ანგარიშით 6:5 გაიმარჯვა. ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალი ხარაგაულის კინოთეატრში 27 თებერვალს 18:00 საათზე გაიმართება. წამყვანის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგის მქონე დავით ჩადუნელის გუნდი ითამაშებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ვერა ოდიკაძის ექვსეული ინტელექტუალური თამაშის წამყვან მამუკა ჭიპაშვილთან ერთად
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.