ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 70 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან მესამე ტურში მხოლოდ სამი მათგანი გადავიდა; სამივე მე-12 კლასელი და მედლის კანდიდატია. ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლე ქეთევან მანჯავიძემ და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე არმაზ შავიძემ ოლიმპიადის მეორე ტურში ისტორიის სესიაში, ხოლო ლაშის სკოლის მოსწავლე დიანა ლომსაძემ გეოგრაფიის სესიაში გაიმარჯვეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტიდან დაიწყება.
არმაზი და ქეთევანი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, უკვე მესამე წელია, ერთვებიან და ცდილობენ, საკუთარი ცოდნა სხვადასხვა საგნებში შეამოწმონ.
არმაზ შავიძე ამბობს, რომ „სასწავლო ოლიმპიადა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ერთგვარი ეტაპია და ამ დროს საგამოცდო გარემოს ეჩვევი. ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად მხოლოდ სკოლის პროგრამულ მასალაზე არ უნდა კონცენტრირდე და დამატებითი ინფორმაციაც უნდა მოიძიო. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ინტერნეტში გასული წლების ოლიმპიადების მასალებს გადავხედე. ერთ-ერთი დავალება ასეთია – ცნობილი რომანი რეალურ ფაქტს უნდა დაუკავშირო; მაგალითად, გვეკითხებიან, რომელი ისტორიული ფაქტია აღწერილი რომანში „დედოფალი მარგო“, ასევე არის ისტორიული ფოტოების ანალიზი, რა მოვლენას აღწერს ესა თუ ის ფოტო, ვინ არიან გამოსახული მასზე და ა.შ.“.
„სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურისთვის განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ. წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნით გავედი, – ამბობს დიანა ლომსაძე, – ჩემი წარმატება გამარჯვების სურვილმა და საკუთარი თავის რწმენამაც განაპირობა“.
„წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ისტორიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის სესიებზე გავედი. ტესტების გაკეთება ძალიან მომწონს და ოლიმპიადაში ამიტომ ჩავერთე. ახლა მესამე ტურისთვის ვემზადები. მესამე ტურის ერთ-ერთი დავალებით ისტორიული მოვლენის წერილობით ანალიზსა და შეფასებას გთხოვენ“, – ამბობს ქეთევან მანჯავიძე.
არმაზ შავიძე და ქეთევან მანჯავიძე სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებენ. არმაზის ჟურნალისტობა სურს, ხოლო ქეთევანი გეგმავს, რომ საერთაშორისო სამართლს დაეუფლოს. დიანა ლომსაძე მომავალში ქირურგობას აპირებს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს. სამივე მათგანი ამბობს, რომ მომავალი პროფესიები ბავშვობიდან მოსწონდათ და ჟურნალისტობაზე, იურისტობასა და ქირურგობაზე ოცნებობდნენ.
წარმატებულ მოსწავლეებს ამ შეკითხვით მივმართეთ, – მათზე რომ იყოს დამოკიდებული, ზოგადი განათლების სისტემაში რას და როგორ შეცვლიდნენ.
ქეთევან მანჯავიძე: – ჩემი აზრით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პრაქტიკულ ცოდნას; იმას, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ გამოვიყენოთ ის მეცნიერული ცოდნა, რომელსაც სკოლაში ვიღებთ.
არმაზ შავიძე: – ვფიქრობ, ჩემი თანატოლები მომავალ პროფესიებს „ოღონდ სადმე მოვხვდე“ – განწყობით არ უნდა ირჩევდნენ. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, ცხოვრებაში რისი გაკეთება სურთ. აბიტურიენტთა უმრავლესობა პოპულარულ პროფესიებზე აბარებს. ამ მიმართულებების სპეციალისტებმა უნდა ჩაატარონ უფასო ტრენინგები, საუბრები, გაცნობითი შეხვედრები. განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოეწყოს სხვადასხვა პროფესიებისადმი მიძღვნილი კვირეული; წარმომადგენლებმა უნდა იარონ რეგიონებში, შეხვდნენ ახალგაზრდებს და უამბონ თავიანთი პროფესიების სიკეთეებსა და გამოწვევებზე, რომ ახალგაზრდებმა უკეთ შეძლონ გაანალიზება, მომავალში ცხოვრების გაგრძელება რომელი პროფესიით სურთ.
დიანა ლომსაძე: – სწავლისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს. საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო უნდა გახდეს. პატარებისთვის სწავლება თამაშით უნდა მიმდინარეობდეს და არა – გაკვეთილების მოყოლითა და დაზეპირებით.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი