21 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ქუთაისში თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ მიმდინარეობდა.

ორი კვრის მანძილზე ფესტივალს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობდა.

ფესტივალში ქუთაისის მესხიშვილის სახელობის, ახალგაზრდულ და ნიღბების თეატრებთან ერთად მონაწილეობდნენ ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ბაღდათის, ხონის, სამტრედიის, ტყიბულის,  ვანისა და თერჯოლის თეატრები.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ფესტივალზე წარდგა სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).

ფესტივალის დახურვის დღეს ჟიურის თავმჯდომარემ, თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა, მასტერკლასი გამართა თეატრალური დასებისათვის. მან ისაუბრა იმ ტენდენციებსა და სიახლეებზე, რაც დღეს ხდება ევროპულ თეატრებში და აღნიშნა, რომ ქართულმა თეატრებმაც უნდა დანერგონ სიახლეები საკუთარ შემოქმედებაში. კერძოდ, ევროპული თეატრები არის მულტიმედიური, სადაც მსახიობის თამაშთან არაჩვეულებრივადაა შერწყმული თოჯინები და ვირტუალური პერსონაჟები.

ლაშა ჩხარტიშვილმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარდგენილი ყველა სპექტაკლი განიხილა:

-ფესტივალზე ვნახეთ ვანისა და ხარაგაულის თეატრებისგან დადგმული „დარისპანის გასაჭირი,“ – აღნიშნა ლაშა  ჩხარტიშვილმა, – ორივე იყო ერთმანეთისგან განსხვავებული და ორივე ძალიან საინტერესო. ორივე ინტერპრეტაციას, ჩემი აზრით, აკლდა ცოტა სითამამე. არტისტული თვალსაზრისით იყო ძალიან გამართული. სტაბილურად კულტურული სპექტაკლი წარმოადგინა ხარაგაულის სახალხო თეატრმა როგორც შარშან, ისე წელს. შარშან „ნატვრის ხე“ რომ ვნახე, გავოცდი, – იმერლებმა რა კარგად განასახიერეს კახელები და როგორ გააცოცხლეს სცენაზე.

ვერაფრით შეიტან ეჭვს, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრი არ არის პროფესიული თეატრი. მე არ გამჩენია უკმარისობის გრძნობა. არ არის ნომინაცია „კულტურული სპექტაკლი,“ მაგრამ თუ ვინმე მთხოვს კულტურული სპექტაკლის დასახელებას, ვიტყვი, რომ ეს არის ხარაგაულის თეატრის „დარისპანის გასაჭირი.“

კარგად მოფიქრებულია ხარაგაულის „დარისპანის გასაჭირში“ სცენაზე ძველი ფოტოების გამოყენება. ამ ტენდენციებს თანამედროვე თეატრებში იყენებენ. გემოვნებით იყო გაკეთებული და უმჯობესია, ასეთი მოკრძალებული იყოს სცენოგრაფია.

ბედნიერი ვარ, რომ იმერეთმა შეძლო ამ თეატრების შენარჩუნება და ნამდვილად გაიზარდა სპექტაკლების ხარისხი. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ჩანს ადგილობრივი თვითმმართველობების დამოკიდებულება. განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნობა ამ კუთხით ხონის, ვანისა და ხარაგაულის თეატრების მიმართ. ეს იგრძნობა და ჩანს ფარდის გახსნის მომენტიდან. მინდა ეს დამოკიდებულება გადაედოს სხვა მუნიციპალიტეტებს.

„თეატრალური იმერეთის“ ჟიურის წევრის, ნერონ აბულაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბათუმისა და იმერეთის თეატრალური ფესტივალების გაერთიანებაზე. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ფესტივალი ცალ-ცალკე ჩატარდება სახალხო, პროფესიული და თოჯინების თეატრებისთვის.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „დარისპანის გასაჭირი“ გაიმარჯვა ნომინაციაში „ანსამბლური სპექტაკლი“.

საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა და ჟიურის წევრმა თეიმურაზ ლანჩავამ ქალის როლის (მართა) მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებისთვის დააჯილდოვა ირინე ჩხეიძე.

„დიდი მადლობა ამ ზეიმისთვის, ასეთი ბედნიერი დღეებისთვის, ამ წუთებისთვის. დიდი მადლობა ჩემს დასს – ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრს და ყველას, ვინც ჩვენს გვერდით დგას,“ – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ „თეატრალური იმერეთის“ დახურვის ცერემონიაზე.

ხარაგაულელებისთვის ორმაგად სასიხარულო იყო ფესტივალის დახურვის ღონისძიება, რადგან მაყურებლის წინაშე წარდგა მუსიკალური კონკურსის „იმერეთის ხმა“ გამარჯვებული სალომე კვირიკაშვილი.

წარმატებები ვუსურვოთ ხარაგაულის სახალხო თეატრს და ხარაგაულის კულტურის ხვალინდელ დღეს.

ნინო კაპანაძე