27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა ნინოს ხსენებას აღნიშნავს.

ნინოობასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარია ბაზალეთში მცხოვრები ნინო გრძელიძე. ის სამი შვილის დედაა და მაისში მეოთხე ბავშვს ელოდება.

რატომ დაარქვეს ნინო, რას ნიშნავს მისთვის წმინდანის თანამოსახელეობა და როგორ აღნიშნავს ნინოობას, – ამ შეკითხვებით ნინო გრძელიძეს მივმართეთ.

– სახელი უფროსმა დებმა დამარქვეს, – გვიამბობს ნინო, – დედა ჩემზე ფეხმძიმედ რომ ყოფილა, ისინი თურმე თოჯინებით თამაშობდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, – დედა ახლა ნინოს მოგვიყვანს და თოჯინის ნაცვლად მას მოვეფერებითო. ექვსი დედმამიშვილი ვართ – ხუთი და და ერთი ძმა. მე მესამე შვილი ვარ. შემდეგ კიდევ ერთი და დაიბადა და ბოლოს ტყუპი და-ძმა გაჩნდა.

ნინოობას ყოველთვის ტაძარში აღვნიშნავთ. უფლისადმი რწმენა ჩვენს ოჯახში დედაჩემის ძმამ – მამა თეოდოსმა (ერისკაცობაში გელა ხაჩიძე) შემოიტანა. ის ბერია და ქარელის სოფელ სანებელის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინაძღვარია.

განსაკუთრებულად მიყვარს წმინდა ნინო. ყოველთვის ვგრძნობ მის მადლსა და მფარველობას, მითუმეტეს იმ დროს, თუ რამე განსაცდელი მაქვს. მისი ლოცვა მაძლიერებს.

ცხრა წლის წინ ოჯახი ბაზალეთელ ირაკლი ჭიპაშვილთან ერთად შევქმენი. სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი, ექიმთან კონსულტაციაზე რომ მოვედით. აღმოჩნდა, რომ ტყუპი გოგონები მეყოლებოდა. სიხარულისგან მე და ჩემი მეუღლე ავტირდით. ყოველთვის მინდოდა, ტყუპები მყოლოდა. გოგონები ნაადრევად დაიბადნენ და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. იმ დღეებში გამუდმებით ვლოცულობდი და განსაკუთრებულ შემწეობას წმინდა ნინოს ვთხოვდი. ქრისტინე და ანასტასია დღეს მეორე კლასის მოსწავლეები არიან და მადლობა ჩემს მფარველ ანგელოზს, წმინდა ნინოს, რომ ჩემი ლოცვა შეისმინა.

მესამე ქალიშვილი 28 ივლისს, ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს გაგვიჩნდა. ამიტომ ივლიტა დავარქვით. ბედნიერი ვარ, ახლა მეოთხე ქალიშვილს რომ ველოდები. მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და კარგად ვიცი, დედმამიშვილი რამხელა სიმდიდრე და სიძლიერეა. შვილის სქესს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი მეუღლეც ასე ფიქრობს – მთავარია, ჯანმრთელი შვილები გვყავდეს.

მშობლები დიდი სიყვარულით გვზრდიდნენ. ძალიან გამიმართლა, მეუღლის ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობები რომ დამხვდა.

ჩვენი ტყუპები ერთმანეთისგან ხასიათით განსხვავდებიან. უერთმანეთოდ ვერ ჩერდებიან. ამასწინათ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ჩვენ ძამიკო გვინდოდა, სახლში ამდენი ქალი ვართ და დედა ბიჭს რომ მოგვიყვანდეს, რა კარგი იქნებოდაო. ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა. ივლიტა პატრიარქის ნათლულია. მეოთხე შვილსაც პატრიარქი მოგვინათლავს. ბევრი შვილის ყოლის სურვილი მაქვს.

…ცხოვრებაში როცა რაიმე უსიამოვნება შემთხვევია, ფიქრებით მაშინვე წმინდა ნინოს „მივაკითხავ“ ხოლმე და ყოველთვის სწორ გზას მიჩვენებს.

ყველა ნინოს ნინოობას გილოცავთ. ამ წმინდანის ლოცვა და მადლი გფარავდეთ. წრფელი გულით ითხოვეთ მისგან დალოცვა და ყველა სანუკვარი ოცნება აგისრულდებათ.

ნინო კაპანაძე