დღეს, 23 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ (დირექტორი თამარ ლაცაბიძე) 2023 წლისათვის საკვები პროდუქტების შესაძენად, გასული წლის ბოლოს, 8 ტენდერი გამოაცხადა, საერთო თანხით – 238 018 ლარი. ტენდერების გზით 14 470 ლარი დაიზოგა და გაერთიანება აღსაზრდელებისთვის მთელი წლის განმავლობაში საჭირო საკვებ პროდუქტებს, ჯამში 223 548 ლარად შეიძენს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21-ვე საბავშვო ბაღს მიმდინარე წლის ბოლომდე:
- ხორცით შპს „წევა +“ (დირექტორი ნიკა გურგენიძე) მოამარაგებს. სულ წლის განმავლობაში საჭიროა 1000 კგ. საქონლის ხორცი და 1300 კგ. ქათმის ფილე. ტენდერი 43 500 ლარზე იყო გამოცხადებული და ხელშეკრულებაც ამავე ოდენობის თანხაზე გაფორმდება.
- ასევე შპს „წევა +“ მოამარაგებს ამ წლის განმავლობაში ბაღებს თევზით. ტენდერში გამარჯვებულმა ამ ორგანიზაციამ 21-ვე საბავშვო ბაღს 1150 კგ. ორაგულის ფილე 43 500 ლარად უნდა მიაწოდოს.
- ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 665 ლიტრ მცენარეულ ზეთს ტენდერში გამარჯვებულ ი/მ დავით გაჩეჩილაძისგან 3 930 ლარად შეიძენს. (ამ ტენდერში ასევე მონაწილეობდა შპს „ბურჯი+“).
- ასევე ი/მ დავით გაჩეჩილაძე მოამარაგებს საბავშვო ბაღებს, 55 150 ლარად, შემდეგი სხვადასხვა საკვები პროდუქტებით: ხილის ჩაი (172 კგ.); შვრიის ორცხობილა (865 კგ.); შაქარი (2100 კგ.); ვერმიშელი (1100 კგ.); მაკარონი (720 კგ.); კამფეტი (145 კგ.); იოდიზირებული მარილი (300 კგ.); უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პური (9800 კგ.).
- ტენდერში გამარჯვებული შპს „ბურჯი +“ (დირექტორი თეა ოსანაძე) 11 925 ლარად მიაწვდის ხარაგაულის საბავშვო ბაღებს „სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეულ პროდუქტებს“ (14400 ცალი კვერცხი; 650 კგ. მწვანილი (ოხრახუში, ცერეცო); 230 კგ. ნიორი); (ამ ტენდერში ასევე მონაწილეობდა შპს „ქუმი“ ახალციხიდან).
- ასევე შპს-მ „ბურჯი +“ ივალდებულა, საბავშვო ბაღები წლის განმავლობაში, 8 300 ლარად, მოამარაგოს დაფქული მარცვლეული პროდუქტებით (1400 კგ. ბრინჯი, 290 კგ. მანანის ბურღული, 290 კგ. წიწიბურა, 360 კგ. შვრიის ფანტელი, 140 კგ. ხორბლის ფქვილი); (ამ ტენდერშიც ასევე მონაწილეობდა შპს „ქუმი“ ახალციხიდან).
- სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მთელი წლის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21-ვე საბავშვო ბაღს დასჭირდება ბოსტნეული შემდეგი რაოდენობით: კარტოფილი (5000 კგ.), ხახვი (800 კგ.), კომბოსტო (450 კგ.), ჭარხალი (180 კგ.), სტაფილო (500 კგ.), ვაშლი (5000 კგ.), ლობიო (500 კგ.), ბარდა (200 კგ.), ქიშმიში (50 კგ.). ამ ბოსტნეულის შესაძენად 27 130 ლარი იყო განსაზღვრული. ტენდერში, 23 288 ლარად, შპს-მ „ბურჯი +“ გაიმარჯვა.
- ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულება რძის პროდუქტებსაც შპს „ბურჯი +“-ისგან შეიძენს, 49855 ლარად; კერძოდ, გათვალისწინებულია შემდეგი პროდუქტების შეძენა: 230 კგ. ყველი; 600 კგ. კარაქი; 1700 კგ. მაწონი; 500 კგ. არაჟანი და 800 კგ. რძის ფხვნილი.