თვენახევარია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ხარაგაულში სათავგადასავლო ტურ-თამაშები მიმდინარეობს. მასში ოცდასამი სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ხარაგაულის საჯარო სკოლების გუნდებთან ერთად შეჯიბრებაში ზესტაფონის #7, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის და იმერეთის სკაუტების ნაკრები გუნდები ჩაერთვნენ.

კონკურსის ფინალი მარელისის ხერგილზე გაიმართა და მასში ხარაგაულის #2, საღანძილის, კიცხის, წყალაფორეთისა და ზესტაფონის #7 საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და კონკურსის ორგანიზატორებმა ორიგინალური თამაშები შესთავაზეს მონაწილეებს.

დაძაბულ შეჯიბრებაში ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე გავიდა წყალაფორეთის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი.

წყალაფორეთის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ზვიად კავილაძე ამბობს, რომ სათავგადასავლო ტურ-თამაშები საუკეთესო საშუალებაა მოსწავლე-ახალგაზრდობის ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშისთვის. ის საკუთარი გუნდის მიღწევით კმაყოფილია და სამომავლოდ უკეთესად მომზადებას აპირებენ.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი ბერიკა ებანოიძე მიიჩნევს, რომ მათი გუნდი არ იყო კარგად მომზადებული. ბერიკასთვის მოსაწონია, რომ კონკურსს ბევრი მონაწილე ჰყავდა. ის მიღწევად თვლის იმას, რომ მოსწავლეები შეიყვარებენ ველურ ბუნებას.

„პირველად ვმონაწილეობთ ასეთი ტიპის სათავგადასავლო ტურ-თამაშებში. სტუმრები ვართ და გაგვიხარდა, რომ გავიმარჯვეთ. ხშირად მინახავს ფილმებში ასეთი კონკურსები, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ მეც მივიღებდი მონაწილეობას. აღფრთოვანებული ვარ. შესანიშნავი ბუნებაა და დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ,“ – გამარჯვების შემდეგ შთაბეჭდილება გაგვიზიარა ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა ბაგრატ ბუღაშვილმა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი მეორე წელია, რაც სათავგადასავლო ტურ-თამაშებს ატარებს. ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, კონკურსი ბევრად დაიხვეწა, მეტად საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი გახდა. მამუკა ჭიპაშვილი ხაზს უსვამს პროექტის მასშტაბურობას.

„სათავგადასავლო ტურ-თამაშები ჩვენგან დაფუძნებული კონკურსია და მას ანალოგი არ აქვს. კონკურსის ორივე ეტაპზე ახალი პროგრამა მოვამზადეთ. ფინალი ექსტრემალური, სახიფათო და ინტელექტუალური გამოვიდა. პროექტი ვითარდება და რაც ყველაზე მთავარია, მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება,“ – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.

მისი თქმით, სათავგადასავლო ტურ-თამაშებს სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, – ის, რომ კონკურსში 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს, უკვე კონკურსის წარმატებაა.

გუნდების დაკომპლექტების პრინციპიც განსხვავებული და საინტერესოა – ოთხი გოგონა, ოთხი ვაჟი და ერთი მასწავლებელი. მოსწავლეებმა იციან, რომ ფიზიკურ მომზადებასთან ერთად ინტელექტუალური კონკურსი იქნება და სპეციალურად ემზადებიან.

„რაც ყველაზე მთავარია, შეგნებულად ვატარებთ ტურ-თამაშებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ ადგილას – ხევში უნიკალურ ქუცუმას მთაზე, სადაც მონაწილეთა უმრავლესობა ნამყოფი არაა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დასაწყისში – მარელისის ხერგილზე.

შარშანდელი და წლევანდელი კონკურსების შემდეგ მონაწილეებს სურვილი გაუჩნდათ, ესტუმრონ ეროვნულ პარკს, გაეცნონ ჩვენი ბუნების სილამაზეს,“ – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.

სათავგადასავლო ტურ-თამაშებში მონაწილეთა დაჯილდოება, სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ გაიმართება. კონკურსის ორგანიზატორები საპრიზო ადგილების მფლობელებთან ერთად ყველა მონაწილე გუნდს დააჯილდოებენ აქტიური მონაწილეობისათვის.

ნინო კაპანაძე

satavgadasavlo_tamashebi-2

satavgadasavlo_tamashebi-4

satavgadasavlo_tamashebi-5

tur-tamasebi

tur_tamashebi-2

tur_tamashebi-3

tur_tamashebi-4

tur_tamashebi-5