იმერეთში, 2023 წლის პირველი კვირის მონაცემებით, covid-19-ის 184 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, მათ შორის მძიმედ და მწვავედ მიმდინარე ფორმები არ აღინიშნება.

ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროს გოჩა გიორგიძისგან მოვიპოვეთ. მასვე, იმერეთში დღეისათვის არსებული ეპიდვითარების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ.

„კოვიდით ინფიცირებულ, – ძირითადად, აუცრელ და ქრონიკულად მოავადე – ადამიანებში გვხვდება ისეთივე გართულებები, როგორიც ჩვეულებრივ სხვა რესპირატორული ინფექციების დროსაც აღინიშნება ხოლმე, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ასევე, A ტიპის გრიპის ორი ძირითადი ქვეტიპი (H3 და H1N1) ცირკულირებს. აღინიშნება ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ყოველწლიურად გვხვდებოდა – ეს არის რესპირატორულ-სენსიციური ვირუსი, ადენოვირუსული ჯგუფის ვირუსები, ენტეროვირუსები.

გვაქვს შედარებით უფრო რთული – რამდენიმე ვირუსით ინფიცირების ერთდროული შემთხვევებიც, როცა პირი ინფიცირებულია როგორც გრიპის, ასევე რესპირატორულ-სენციტიური ვირუსით. ასეთი შემთხვევები, კლინიკურად, ცოტა უფრო მწვავედ მიმდინარეობს.

ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ თუკი ტემპერატურა გაუხანგრძლივდათ ან 38 გრადუსზე მაღალია და ეს 1-2 დღის განმავლობაში გრძელდება, აუცილებლად ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.

დღეს ჩვენს ქვეყანაში არის შესაძლებლობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გვაქვს A ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატის, ტამიფლუს, მარაგი.

ასევე, მოგეხსენებათ, კორონავირუსის სასტარტო ეტაპზე ეფექტური მკურნალობისთვის გამოვიყენებთ პაქსლოვიდს, რომელიც, ოჯახის ექიმის დანიშნულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ქსელის მეშვეობით, უფასოდ შეგვიძლია მივაწოდოთ პაციენტებს.

ცივი სეზონია, ვირუსების გავრცელების მხრივ მწვავე სიტუაციაა და ამიტომ პირბადის გამოყენების რეკომენდაციას ძალა არ დაუკარგავს. ყველას მოვუწოდებ, რომ ხალხმრავალ ადგილებში პირბადე გამოიყენონ“, – ამბობს გოჩა გიორგიძე.

ლაურა გოგოლაძე