წინასაახალწლოდ ხარაგაულელ ახალგაზრდებს ვკითხეთ, რას გააკეთებდნენ, ხარაგაულის მერის თანამდებობას რომ იკავებდნენ.

გთავაზობთ მათ პასუხებს.

არმაზ შავიძე: – ხარაგაულის მერი რომ ვიყო, ისეთ გარემოს შევქმნიდი, რაც ახლა პირადად მე მაკლია. ხარაგაულში მოვაწყობდი ისეთ სივრცეს, სადაც ახალგაზრდები შევიკრიბებით, ერთმანეთს აზრებს გავუზიარებთ, ჩავატარებთ კონფერენციებსა და წიგნების განხილვებს.

ნია ფოფხაძე: – ხარაგაულის მერობა ადვილი საქმე არაა. მერი რომ ვიყო, ხალხის სათხოვარს ყურს დავუგდებდი, რისი შეცვლა სურთ ხარაგაულში. მეტად ვიზრუნებდი მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე. ეს ხარაგაულში ერთ-ერთი სერიოზული საკითხია.

თეკლა ებანოიძე: – ხარაგაულის მერი რომ ვიყო, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია მექნებოდა იმისთვის, რომ მათი გასაჭირი ზუსტად გავიგო. ზოგს საჭმელი არ აქვს და მისთვის პრიორიტეტი გარე განათების მოწყობა სულაც არაა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდებს ჩავრთავდი.

გვანცა გოგოლაძე: – ხარაგაულის მერი რომ ვიყო, არაფორმალურ განათლებას ხელს შევუწყობდი – ახალგაზრდული იდეების განხორციელებაზე კონკურსებს გამოვაცხადებდი და საუკეთესო პროექტებს დავაფინანსებდი, სტუდენტებს ფინანსურად წავახალისებდი.

სალომე ბერაძე: – ხარაგაულის მერი რომ ვიყო, სოფლებს განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობდი. ახალგაზრდები სოფლებში სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოკლებულები ვართ. განათებულ და კეთილმოწყობილ გზაზე ბედნიერმა და ღიმილიანმა ადამიანებმა უნდა იარონ.

მარინა ლურსმანაშვილი: – ხარაგაულის მერი რომ ვიყო, ახალგაზრდებს წავახალისებდი. მათ ხშირად შევხვდებოდი, რომ გამეგო, რა საჭიროებების, გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგანან. ამ შეხვედრების შემდეგ კი ერთ პრობლემას მაინც მოვაგვარებდი.

მარიამ ბერაძე: – ხარაგაულში ბავშვების გასართობი სივრცეები ნაკლებადაა. მერი რომ ვიყო, რამდენიმე ადგილზე სკვერსა და ატრაქციონებს მოვაწყობდი. ხარაგაულში ბევრი სერვისი არ არის ხელმისაწვდომი. ხარაგაულს უფრო მეტად მოვუვლიდი, გავალამაზებდი და გავუფრთხილდებოდი.