ხარაგაულელი ახალგაზრდები საუბრობენ, თუ რა მოლოდინები აქვთ ახალი, 2023 წლისგან.

ვატო მაღრაძე: – 2023 წელს ველოდები, რომ მსოფლიოში იქნება მშვიდობა. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენი საერთო მტერი – რუსეთი დამარცხდება. ველოდები, რომ საქართველოში სიტუაცია შეიცვლება და ქუჩაში გასვლის აღარ შეგვეშინდება, დაფასდება თავისუფალი აზრი, დამკვიდრდება პროტესტის პატივისცემა, დაცული იქნება ბავშვთა უფლებები.

მარიამ ლაცაბიძე: – 2023 წელს პირველ წარმატებულ ნაბიჯებს გადავდგამ მომავალ პროფესიაში – სტუდენტი გავხდები და ფსიქოლოგიის შესწავლას დავიწყებ. ფსიქოლოგობა მომწონს, რადგან ადამიანის სულიერ მდგომარეობას სწავლობ და მას პრობლემების გადაჭრაში ეხმარები.

საბა ჭყოიძე: – ველოდები სიახლეებს პირად ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში. ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავდივარ. ყველა გამოწვევას უნდა გავუმკლავდე და ხალისით დავძლიო. ქვეყნის უკეთესად განვითარების იმედი მაქვს. ამის შანსი ნამდვილად გვაქვს. მოდის თაობა, რომელიც საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებებს დაიცავს და გააძლიერებს.

მარიამ ბერაძე: – მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ველი. განათლების სისტემაში სერიოზული ცვლილებებია საჭირო, სკოლაში სწავლა უფრო საინტერესო რომ გახდეს. ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა ძალიან მიყვარს და მინდა, თეორიული სწავლების გარდა, პრაქტიკული მეცადინეობები გვიტარდებოდეს.

ალექსი ბერაძე: – 2023 წლისგან მშვიდობას, წარმატებებს, წინსვლასა და საინტერესო ამბებს ველოდები. ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია – თუ არ იქნება მშვიდობა, წარმატების მიღწევას ვერ შევძლებ. წარმატებას უნდა მოჰყვეს წინსვლა და განვითარება. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.

ნიკა პაქსაშვილი: – მომავალ წელს ბევრ საინტერესო სიახლეს ველოდები. უნივერსიტეტში ჩავაბარებ, ახალ ადამიანებს გავიცნობ. წინ ბევრი შესაძლებლობაა ცოდნის დაუფლების, კარგი მომავლის შესაქმნელად. ჩვენი ქვეყნის განვითარების მოლოდინი მაქვს. საქართველოში ადამიანებმა ღირსეული ცხოვრების უფლება უნდა მოვიპოვოთ.

სალომე ბერაძე: – 2023 წელს ველოდები, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე დღესაა. ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. პირადად მე სტუდენტობას ველოდები. მინდა, რომ მეტად დამოუკიდებელი გავხდე. თავად გამოვიმუშაო ფული და საკუთარი ფინანსები დამოუკიდებლად ვმართო.