ევროპის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი, მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი – ეს ხარაგაულელი მოჭიდავის, ევსემ შველიძის ტიტულების არასრული ჩამონათვალია. ახლახან მას „საპატიო ხარაგაულელის“ წოდება მიენიჭა.

„მამა ყოველთვის ამბობდა, რომ სპორტსმენი უნდა გამოვსულიყავი, – იხსენებს ევსემ შველიძე, – კიცხის სკოლაში ვსწავლობდი, ჭიდაობის სექციაში სავარჯიშოდ რომ ჩავერთე. მას შემდეგ ჭიდაობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჩემი მწვრთნელი კიცხიდან თბილისში რომ გადავიდა, ვარჯიში ხარაგაულში ანზორ მაღრაძესთან და რეზო შერგელაშვილთან გავაგრძელე.

ლერი ხაბელოვის სახელობის ტურნირზე მესამე ადგილი დავიკავე. ეს ჩემი პირველი წარმატება იყო. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც „საპატიო ხარაგაულელის“ წოდებაზე წარმადგინა. ეს ტიტული ჩემთვის დამატებითი სტიმულია, მეტი ვიმუშაო და წარმატებას მივაღწიო“.

ამჟამად ევსემი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 7 იანვარს გაიმართება.

„საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ გზა გეხსნება, შეგიძლია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზო, – ამბობს ევსემი, – საქართველოს ჩემპიონატისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადები. ტურნირის მოახლოებასთან ერთად რეჟიმი მკაცრდება.

ჩემპიონატამდე სამი თვით ადრე ჩემთვის გართობა, დაბადების დღე, ქორწილი აკრძალულია, სულ რეჟიმში ვარ, განსაზღვრული მაქვს კვება, ვიტამინები, ვარჯიში და დასვენების რეჟიმიც კი. მზადების პროცესში ყურადღების მობილიზება აუცილებელია. ერთ დღესაც კი საკვების ზედმეტმა მიღებამ ან ძილის რეჟიმის დარღვევამ, შესაძლოა, ბევრი რამ დააკარგვინოს სპორტსმენს. ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო.

ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ჩემი ოჯახი ხელს ძალიან მიწყობს. ბავშვები პატარები არიან. თუმცა, როცა სახლში მივალ, ერთმანეთს ეუბნებიან, – ჩუმად იყავი, მამიკო დაღლილია და არ იხმაუროო. ძალიან გამიმართლა, ასეთი ოჯახი რომ მყავს. მადლობა მათ და ყველა ჩემს გულშემატკივარს, ჩემს მშობლებს, მეგობრებს, მწვრთნელებს. პირობას ვდებ, რომ 7 იანვარს ჩემს გულშემატკივრებს ოქროს მედლით გავახარებ.

ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა სპორტსმენის შრომისმოყვარებაზეა დამოკიდებული , – ამას ანზორ მაღრაძე მეუბნებოდა, მაშინ ბავშვი ვიყავი და ამის ნაკლებად მჯეროდა. რაც დრო გადის, ამაში თანდათან ვრწმუნდები. თუ ჯეროვნად არ ივარჯიშებ და არ იშრომებ, შედეგს ვერ მიაღწევ. მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვვარჯიშობ, მხოლოდ კვირა დღეს ვისვენებ. შრომასა და ვარჯიშს მანამ გავაგრძელებ, ვიდრე ოლიმპიური ჩემპიონი არ გავხდები, – ყოველი დღე ამ ფიქრით იწყება და სრულდება. იმედი მაქვს, ჩემს გულშემატკივრებს მალე ამ ტიტულით გავახარებ“, – ამბობს ევსემ შველიძე.

ევსემ შველიძემ მომავალი მეუღლე ლელა მიქელაძე ვახანში გაიცნო. „ვახანში ყოველწლიურად ჭიდაობის ტურნირში ვმონაწილეობდი. ლელა რომ გავიცანი, მალევე დავახლოვდით. შემდეგ ერთი წელი ტელეფონით ვურთიერთობდით. ახლა 5 წლის ვაჟი და 3 წლის გოგონა გვყავს. ბავშვები თითქმის უჩემოდ იზრდებიან.

ხშირად, როცა ვარჯიშზე ნაკრებთან ერთად მივდივარ, ოჯახს თვეობით ვერ ვნახულობ, ეს ძალიან რთულია. ვცდილობ, დასვენების დრო მთლიანად ჩემს ოჯახს დავუთმო. ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, რაც მთავარია, მას ჩემი წარმატების სჯერა, ეს უდიდეს სტიმულს მაძლევს.

მადლობა ყველა იმ ხარაგაულელს, ვისაც ჩემი წარმატება ახარებს. გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და გამარჯვებას გისურვებთ, მრავალს დავესწროთ, წარმატებებით“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე – ევსემ შველიძე მეუღლესთან ერთად