წინასაახალწლოდ ჩვენი მკითხველებისთვის საუკეთესო ამბის მაცნე ვართ. ხარაგაულელი ახალგაზრდა, გიორგი ჭყოიძე ოჯახს ქმნის. მისი რჩეული, წარმოშობით ხარაგაულელი სალომე არევაძეა.
ამ საოცრად პოზიტიური წყვილის სიყვარულის ისტორია ოთხწელიწადნახევარს ითვლის. გიორგი და სალომე ამბობენ, რომ ერთმანეთის ხასიათი, ემოციები, გრძნობები კარგად შეისწავლეს და ოჯახური თანაცხოვრების დასაწყებად მზად არიან.
მათ ერთმანეთი 2018 წლის აგვისტოში, საერთო მეგობრისა და ნათესავის, ლაშა გელაშვილის მეშვეობით გაიცნეს. დასასვენებლად სერბაისში მყოფი სალომე ქუჩის კალათბურთზე დასასწრებად ხარაგაულში ძმასთან ერთად მივიდა.
გიორგი და სალომეს ძმა – გაგა, ბავშვობიდან მეგობრობენ. გიორგი მალევე მიხვდა, რომ სალომე „გულში ჩაუვარდა“. ერთი თვის შემდეგ რაჭაში დაპატიჟა და იქ 03:28 საათზე სიყვარულში გამოუტყდა.
გიორგისა და სალომეს ყოველი დილა სიტყვის – „მიყვარხარ“ მიწერ-მოწერით იწყება და დღეც ამით მთავრდება. სალომეს ემოციურ ხასიათს გიორგის სიმშვიდე აბალანსებს.
შეყვარებულები ამბობენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ერთმანეთი ბევრ საქმეში გამოსცადეს, არაერთი პრობლემა ერთად დაძლიეს და თითქმის სრულად აქვთ წარმოდგენილი, თუ როგორი იქნება მათი თანაცხოვრების ყოველდღიურობა.
„შესაძლოა, გიორგის მეგობრებს გაუკვირდეთ, მაგრამ ის ძალიან რომანტიული ბუნებისაა, – ამბობს სალომე, – უყვარს სიმბოლური თარიღები. 28 მარტს ვარ დაბადებული და სიყვარული 03:28 საათზე ამიხსნა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნიშნობა კი ნამდვილად მოულოდნელი იყო.
იმის მიუხედავად, რომ ოთხ წელზე მეტია ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენი ურთიერთობა ლოგიკურად ოჯახის შექმნით უნდა დაგვირგვინებულიყო, ხელის თხოვნა მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა. მეტყობა კიდეც ამ მომენტში გადაღებულ ფოტოებზე, ისეთი გაოცებული სახე მაქვს.
ჩვენი მშობლები ძალიან კარგად გვიგებენ და შეზღუდვებს არ გვიწესებენ. მე ხშირად ჩამოვდივარ გიორგისთან ხარაგაულში, ისიც ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარია.
ოჯახს რომ ქმნი, ვიცი, – ურთიერთობებში დათმობაც მოგიწევს და ბევრი რამისთვის ანგარიშის გაწევაც. თუმცა, სადაც ნამდვილი სიყვარულია, იქ ყველაფერი გამოვა“.
„ახლახან, ჩვენი სამეგობრო ბაკურიანში წავედით. სალომეს გარდა ყველას ვუთხარი, რომ მისთვის ხელის თხოვნას ვაპირებდი, – გვიამბობს გიორგი, – სალომემ სასეირნოდ წასვლა მოინდომა. არავინ გავყევით, ცოტა გაგვინაწყენდა და გარეთ მარტო გავიდა. ამასობაში ოთახი მოვრთეთ და მეც მოვემზადე.
ოთხი წელია, ერთმანეთი გვიყვარს და ხელის თხოვნის დროს თუ ასე ვიღელვებდი, არ მეგონა. ეს სულ სხვა განცდა ყოფილა, – ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
ოთახში შემოსულს ყვავილებით ხელში რომ დავხვდი, ეგონა, ვეხუმრებოდი. აი, მუხლზე რომ დავიჩოქე და ბეჭედი მივაწოდე, მაშინ დარწმუნდა, რომ ყველაფერი სერიოზულად იყო და შეიძლება ითქვას, რომ შოკი მიიღო.
მშობლების დამოკიდებულებამ ჩვენს ურთიერთობაში დიდი როლი ითამაშა. სალომეს ძმა საუკეთესო პიროვნებაა. სერბაისელები, ჩვენი კუთხის ხალხი არიან. მათი მხრიდან დადებითმა განწყობებმა ორივე ძალიან გაგვაბედნიერა. ბაკურიანში წასვლის წინ სალომეს მამამ გულწრფელად დაგვლოცა.
სალომე რომ გავიცანი, ორივე ბებია ცოცხალი მყავდა და სალომე ორივეს ძალიან უყვარდა. ჩვენი ბედნიერების დღეს ვერც ერთი ვეღარ მოესწრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახლა ბედნიერები არიან.
…არის გრძნობითი აღმაფრენები, რომელიც მყისიერ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს. ვფიქრობ, ნამდვილ სიყვარულს, თანაცხოვრების დაწყებამდე, გამოსაცდელი დრო სჭირდება. ზოგჯერ ხდება, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ გვერდით სულ სხვანაირ ადამიანს აღმოაჩენ.
ქორწილი ჩვენი ცხოვრების შემდეგი ეტაპია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება. თუმცა, ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით“.
გიორგი ჭყოიძის დედა თამარ ფცქიალაძე შვილის ამ გადაწყვეტილებით უბედნიერესია და ამბობს, რომ უკვე ოთხი შვილი ჰყავს.
„მადლობელი ვარ სალომეს მშობლების, ასეთი კარგი შვილი რომ გაზარდეს, – ამბობს ქალბატონი თამარი, – სიყრმის შვილის ქორწინება სულ სხვა გრძნობა ყოფილა. ოთხი წელია, რაც სალომე ახალ წელს, აღდგომას, სხვა მნიშვნელოვან დღეებში სულ ჩვენს ოჯახშია.
დეკემბერი ჩემთვის ბედნიერი თვეა – 32 წლის წინ მეც ამ თვეში დავინიშნე. გიორგისა და სალომეს ვუსურვებ, სამჯერ 32 წელი გაეტარებინოთ ერთმანეთის სიყვარულში.
მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ჩვენი ოჯახის საახალწლო ნომერში მოწვევისთვის. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, ჩემო ხარაგაულელებო, მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს“.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი