საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხარაგაულელებმა, ტრადიციულად, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის ადგილას, ბორითში აღვნიშნეთ.

მერაბ კოსტავას ხსოვნის მემორიალთან მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) გადაიხადა.

-ქვეყანა, რომელსაც ისეთი დიდებული ადამიანები ჰყავს, როგორიც იყო მერაბ კოსტავა, ღირსია დამოუკიდებლობისა, – ბრძანა მეუფემ პარაკლისის შემდეგ, – უბრალო დამთხვევა არ არის, ღვთისგანაა ბოძებული, რომ დღეს, 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, დაბადების დღეც არის.

ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული, ყოველთვის მლოცველი იყოს ჩვენი ქვეყნის ძლიერებისა და დამოუკიდებლობისათვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ბორითში, მერაბ კოსტავას ხსოვნის მემორიალთან აღნიშნა, რომ იდეები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა გამოკვეთეს და გააძლიერეს, დღესაც აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. მან აღნიშნა, რომ ბევრ ხარაგაულელთან ერთად, მასაც ჰქონდა პატივი, ყოფილიყო ქვეყნისათვის მოწამე რაინდის, მერაბ კოსტავას, თანამებრძოლი.

„ყველა აქ მყოფს და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ბევრი ადამიანი შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. ჩვენ დღესაც გვიხდება თვითმყოფადობისა და ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლის გაგრძელება. უფალმა ინებოს, გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, გახადოს ერთიანი, – როგორც ეს სურდა ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

შეკრებილთ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ვაშლევის საჯარო სკოლაში სტუმრად მყოფმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ოქრომელიძემ. ამავე სკოლის მოსწავლეებმა კი შეასრულეს ქართული სიმღერა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ შეკრებაზე ბორითში პატრიოტული სიმღერები შეასრულა ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე).

ბორითში, მემორიალთან გაიხსნა მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი.

ბორითის კულტურის სახლში გაიმართა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის (რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე) სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“. სპექტაკლი მერაბ კოსტავას ხსოვნას ეძღვნება.

ლაურა გოგოლაძე

MEUFE_MELQISEDEKI

KOSTAVAS_MEMORIALTAN MELQISEDEK_KHAZIDZE CHOKHOSANI_MOMGERLEBI LEVANI_NIKO KSVERIS_GAKHSNA MOQALAQEEBI_SKVERSHI

AKHALI_SKVERI