ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში უსინათლოთა პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება – „ჩვენ ერთად ვართ, შემოგვიერთდით“ გაიმართა. პროგრამის ხელმძღვანელმა გულიკო ჭარბაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად პროგრამაში მხედველობის შეზღუდვის მქონე 12 პირია ჩართული.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უსინათლო 66 პირი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს ვეკონტაქტები, რომ ჩვენთან ერთად პროგრამაში ჩაერთოს. მათ უმრავლესობას ხარაგაულამდე ტრანსპორტირება უჭირს, ზოგს მუნიციპალურ ტრანსპორტზე გამცილებელი სჭირდება. ამიტომ პროგრამაში ვერ ერთვებიან,“ – ამბობს გულიკო ჭარბაძე.
უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ადაპტირებული კომპიუტერის სპეციალისტი ვასილ ლომიძე ამბობს, რომ ამ პროგრამის გაგრძელება ხარაგაულში აუცილებელია.
„მე რომ კომპიუტერისა და ტელეფონის გამოყენება არ ვიცოდე, ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი იქნებოდა, – ამბობს ვასილ ლომიძე, – ამ პროგრამაში ჩართულ პირებს სწორედ კომპიუტერის ხმოვანი პროგრამის გამოყენებას ვასწავლი. ახალი წლიდან ვგეგმავთ, რომ უსინათლოებს ანდროიდ სისტემის ტელეფონის გამოყენება ვასწავლო. ამისათვის ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება დაგვჭირდება, რომ ბენეფიციარებისთვის ტელეფონები შევიძინოთ“.
ღონისძიებაზე პროგრამაში ჩართულმა პირებმა დამსწრეთა წინაშე ამ პროგრამის ფარგლებში შესწავლილი უნარ-ჩვევები წარმოაჩინეს. მათ ბრაილის შრიფტის გამოყენებით ტექსტები დაწერეს და კომპიუტერის ხმოვანი პროგრამის დახმარებით შესწავლილი ლექსები წაიკითხეს.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით ახალ, 2023 წელს, უსინათლოთა პროგრამის დაფინანსება გაგრძელდება,
„მსგავსი ტიპის პროექტები ჩვენს ირგვლივ ძალიან ცოტაა და მის დაფინანსებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა თანახმაა. რაც შეეხება თანხის დამატებას, ამისათვის ბიუჯეტში, შესაძლოა, წლის განმავლობაში, ცვლილებები შევიტანოთ“, – აღნიშნა მამუკა ჭიპაშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილე ცხრა ბენეფიციარს კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ხარაგაულის ბიბლიოთეკაში უსინათლოთა პროგრამა, მეხუთე წელია, ხორციელდება. ბენეფიციარები ბრაილის შრიფტს, ადაპტირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, სამაგიდო სპორტულ თამაშებსა და აუდიო წიგნების მოძიებას სწავლობენ.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი