პედაგოგი თეა ტალახაძე ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში სკოლის შესასვლელის პრიორიტეტულად მოწესრიგების შესახებ სოციალურ ქსელში წუხილს გამოთქვამს და ამბობს, რომ, მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის ამ ტერიტორიის პირველ რიგში მოწესრიგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ხარაგაულში რომ გზა კეთდება, სხვებთან ერთად, მეც მიხარია, – ამბობს თეა ტალახაძე, – ტროტუარებიც დასრულდება მალე და მართლა წკაპუნით ვივლით ყველა სამსახურში, მაგრამ…

ვიცი, ყველაფერს დრო სჭირდება და ამ ამინდში არც თუ ისე ადვილია სწრაფად მუშაობა. ისიც ვიცი, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები და მაინც ვფიქრობ, პრიორიტეტი სკოლის შესასვლელი უნდა იყოს.

სკოლას, სადაც ბავშვებისთვის ტრანსპორტის გაჩერებაა, არ უნდა ჰქონდეს მავთულებით, ორმოებითა და ნატეხი ფილებით სავსე შესასვლელი. ზუსტად აქ დგება მოსწავლეთა ტრანსპორტი და შიშით ვაცილებით წასვლისას თუ მოსვლისას. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაგვემტვრეს? ან რამდენი ქარისა და წყლის ჩამოზიდული ნაგავი უნდა დაგავონ დამლაგებლებმა?

რა ვიცი, იქნებ გახდეს პრიორიტეტი სკოლა და ჯერ შესასვლელი გაგვიკეთოთ, მერე სხვა უბნის ტროტუარი, თორემ ოდნავ რომ მოთოვოს, აქ ვეღარავინ შემოვა და ქუჩაში კიდევ გაკვეთილებს ვინ ჩაუჯდება?“ – წერს თეა ტალახაძე.