ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარსდგება.

რეჟისორი ირინე ჩხეიძე თვლის, რომ „დარისპანის გასაჭირი“ ქართული დრამატურგიის ერთ-ერთი შედევრია და აუცილებლად უნდა იყოს თეატრის რეპერტუარში. მისივე თქმით, ხარაგაულის თეატრის ამ სპექტაკლმა 25 წლის წინ საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალის გრან-პრი დაიმსახურა.

„დღემდე განუწყვეტლად იდგმება ეს სპექტაკლი საქართველოს ყველა თეატრში. პრობლემები, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში დავით კლდიაშვილმა დააყენა, დღესაც აქტუალურია. სხვაგვარ ინტერპრეტაციას ვთავაზობთ მაყურებელს – შესავალი და ფინალი იქნება განსხვავებული,“ – ამბობს ირინე ჩხეიძე.

პელაგიას როლის შემსრულებელმა ლუიზა კიკნაძემ პირველად 36 წლის ასაკში ითამაშა ამ სპეტაკლში. მაშინ სპექტაკლი დიმიტრი ბოგვერაძის რეეჟისორობით დაიდგა. „თამაზი კიკნაძე იყო საუცხოო პარტნიორი, – არაჩვეულებრივად ასრულებდა დარისპანის როლს. თამრიკო იორდანიშვილი და პაშა გიორგაძე შეუდარებლები იყვნენ. ამიტომ სპექტაკლი საუკეთესოდ აღიარეს,“ – ამბობს ლუიზა კიკნაძე.

2003 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ლია ჭიპაშვილი დაჯილდოვდა. ამჯერად ლია ისევ ნატალიას როლს ასრულებს. ლია ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს და სურს, მაყურებლის მოლოდინები გაამართლოს.

სპექტაკლის დებიუტანტია დავით ჭყოიძე. ის ოსიკოს როლს ასრულებს. „ძალიან გამიხარდა, ირინე ჩხეიძემ ეს როლი რომ შემომთავაზა. მინდა გავამართლო რეჟისორის იმედი. ცხოვრებაში არ ვგავარ ოსიკოს, – მზითვიან ქალს არ ვეძებ. რეჟისორიდან დაწყეული, ყველას დიდი გამოცდილება აქვს სპექტაკლებში თამაშის. როგორც დებიუტანტი, დიდ მადლობას ვუხდი ყველას ნდობისათვის,“ – ამბობს დავით ჭყოიძე.

ნიკო დეკანოსიძე 25 წლის წინ ოსიკოს როლს ასრულებდა. ამჯერად ის ონისიმე მათარაძეს განასახიერებს. 1990 წელს ლიმბაჟში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ის „ფესტვალის პირველი მამაკაცის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელეს. „ეს პიესა ყოველთვის აქტუალურია, – ამბობს ნიკო დეკანოსიძე, – 29 მაისს ხარაგაულელ მაყურებელს თუ მოეწონა და ტაში დასცხო, ქუთაისშიც კარგად მიგვიღებენ. ხარაგაულელი მაყურებელი ძალიან გემოვნებიანია და ზუსტად გაფასებს.“

დარისპანის როლს, 25 წლის შემდეგ, თამაზ კიკნაძის ვაჟი ვასილ კიკნაძე ასრულებს. „უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ამ სპექტაკლმა დიდი წარმატება მოუტანა თავის დროზე ხარაგაულის თეატრს, – ამბობს ვასილ კიკნაძე, – იმ დონეზე ალბათ ვერ შევძლებ, როგორც მამა ასრულებდა ამ როლს, მაგრამ არც არაფერს დავაკლებ და თავს არ შევირცხვენ. ვუსურვებ სპექტაკლს წარმატებას.“

ხარაგაულის კინოთეტარში სპექტაკლის პრემიერა 29 მაისს 18 საათზე შედგება. ბილეთის ღირებულებაა სამი ლარი. ბილეთების დაჯავშნა შეიძლება ხარაგაულის კულტურის ცენტრში.

ნინო კაპანაძე