

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 18 მაისის სხდომაზე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მაცხოვრებლები ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მიიწვია.
მოქალაქეების განცხადებით, სხდომაზე იმის დასადასტურებლად მივიდნენ, რომ ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა ნამდვილად მათი სურვილია.
მოქალაქეებმა გააპროტესტეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ბიუჯეტიდან სუბსიდიით დაფინანსებულ გაზეთში „ახალი ხარაგაული“ გამოქვეყნდა.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და ვარლამ ჭიპაშვილის ორგანიზებით, 22 მაისს, ინგა მაღრაძე ბაზალეთში, ღარიხევსა და ქროლში მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრებს დაესწრენ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მარი ბერაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„მინდა შედგეს დიალოგი ჩვენს შორის. 18 მაისს მობრძანდით და პირადად ჩემს მიმართ გქონდათ პრეტენზიები. თქვენ ამბობთ, რომ ვარლამი ძალიან კარგი დეპუტატია, ეს მახარებს. ანგარიშვალდებულები თქვენს წინაშე ვართ და თუ არჩეული დეპუტატი ამართლებს ნდობას, ეს კარგია,“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ შეხვედრებზე.
მოსახლეობამ და ვარლამ ჭიპაშვილმა კატეგორიულად მოითხოვეს ინგა მაღრაძისგან, თუ რატომ დააყენა მან ეჭვქვეშ სოფლის კრებაზე გადაწყვეტილი საკითხი. „გაგვარკვიეთ, იქნებ ჟურნალისტმა შეგვიყვანა შეცდომაში, – სად ვეძებოთ სამართალი,“ – ამბობდნენ მოქალაქეები.
ინგა მაღრაძის განმარტებით, მას სრული უფლება ჰქონდა, ეწარმოებინა მონიტორინგი და ეკითხა მოსახლეობისთვის, თუ რა მოხდა კრებაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილებიდან მიდიოდეს ინიციატივები და თქვენი საჭიროებები გამოიკვეთოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი ფული გონივრულად განვკარგოთ. ჩემი მთავარი გზავნილი თქვენდამი იყო ის, რომ მეტი მინდოდა მომესმინა თქვენგან. კითხვის დასმის უფლება ნამდვილად მქონდა,“ – ამბობს ინგა მაღრაძე.
ინგა მაღრაძის თქმით, მოსახლეობას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ის ეწინააღმდეგება ბაზალეთში გზის რეაბილიტაციას.
შეხვედრებზე მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ ვარლამ ჭიპაშვილის საქმიანობით ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან მან იცის თითოეული ოჯახის გასაჭირი და ყველას გვერდით უდგას.
მოქალაქეებმა ისიც აღნიშნეს, რომ კრებაზე მათზე ზეწოლა არავის მოუხდენია და უმრავლესობამ მოიწონა ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობის საკითხი.
მარინა ჭიპაშვილი, ბაზალეთის მაცხოვრებელი: -მეტი სიფრთხილე მართებს ჟურნალისტს. ყველა სიტყვა მოზომილი უნდა იყოს. კრებაზე სხვადასხვა პრობლემები დადგა, მაგრამ უმრავლესობამ გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი. თუ გვინდა შევინარჩუნოთ სოფელი, ნორმალური გზა უნდა გვქონდეს. დაცლილია ბაზალეთი. წლის განმავლობაში სოფელში ახალშობილის დაბადებაზე ოთხჯერ მეტი გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება.
ეკა მაქაძე, ქროლის მაცხოვრებელი: -ვხედავთ, რომ დაპირისპირებაა საკრებულოში. ჩვენ ერთად აგირჩიეთ ყველა და ერთად გაქვთ პასუხისმგებლობა აღებული მოსახლეობის წინაშე.
„ჩემი ძირითადი მოტივი ყოველთვის ადამიანთა უფლებების დაცვაა, – აღნიშნა ინგა მაღრაძემ შეხვედრებზე, – არასდროს წავალ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ. მთავარია, მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება. გონივრულად უნდა მივუდგეთ ფინანსების განაწილებას. იმაზე კი არ უნდა ვხარჯავდეთ დროს, ვინ რა და როგორ თქვა, იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. პასუხი რომ მომთხოვეთ, კარგი იყო. მინდა, რომ ურთიერთობა გავაგრძელოთ.
ჩემი პოზიცია ხალხის ინტერესებისგან გამომდინარეა. იმ ღირებულებების მატარებელი ვრჩები, როგორც ვცხოვრობდი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე.“
ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მის საუბარს სრულად გამოაქვეყნებენ. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ჟურნალისტსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, აუდიოჩანაწერის გარეშე.
მოსახლეობამ შეხვედრებზე სამასალე ხე-ტყის მოპოვების ხელმისაწვდომობის საკითხი დააყენა. მათ სოციალური დახმარების არასამართლიანად განაწილებასა და უმუშევრობის პრობლემაზე ისაუბრეს. ღარიხევში მოსახლეობის პირუტყვს ხშირად თავს ესხმის მგელი. „მგელი შეგვჭამს მალეო,“ – წუხან ღარიხეველები.
მოქალაქეთა მოთხოვნაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები რაც შეიძლება ხშირად მივიდნენ მათთან და მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ ახსენდებოდეთ ხალხი.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).