ხარაგაულის იუმორისტულმა გუნდმა „ჭირიმე“ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ნახევარფინალში გაიმარჯვა და ახლა ფინალისთვის ემზადება.
„ჭირიმეს“ რეჟისორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ დასაწყისიდან, ამ კონკურსში რომ ჩაერთვნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, ფინალამდე თუ მივიდოდნენ.
„საქართველოს მან-სან-კანის ჩემპიონატში დებიუტანტი გუნდის პირველივე წელს ფინალში გადასვლა დიდი წარმატებაა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – გვიხარია, რომ ჟიურიმ იმ ოთხ საუკეთესო გუნდს შორის გამოგვარჩია, ფინალში რომ ითამაშებს.
ნახევარფინალში, დანარჩენ გუნდებთან შედარებით, მისალმებაშიც საუკეთესო შედეგი გვქონდა, მუსიკალურ ნომერშიც და, ჯამში, პირველი ადგილით გადავედით. ამ დრომდე, საუკეთესო შედეგებით მოვდივართ.
ზოგადად, იუმორისტული ღონისძიება ცოტა რთული თემაა იქედან გამომდინარე, რომ მათემატიკასავით „ზუსტი“ არ არის. იუმორი შეუზღუდავია და უამრავი განსხვავებული მიმართულება არსებობს. შეფასება მსმენელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. რაც უნდა კარგი ხუმრობა იყოს, ჟიურის ძალიან მარტივად შეუძლია თქვას, რომ – ეს არ მომეწონა და მომეწონა სხვა; ვერ შეედავები.
ამიტომ შედეგის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. თუმცა, ორგანიზატორებისა და მაყურებლის რეაქციებს რომ ვაკვირდებოდი, მივხვდი, რომ ჩვენი სტილი, – კლასიკური იმერული, გაწონასწორებული იუმორი მოეწონათ.
იუმორის ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდი განსხვავებულია. ერთი და იგივე რაღაცას რომ აკეთებდე, იტყვი, შენ უკეთ წარმოადგენ თუ სხვა. თუმცა, როცა ყველა გუნდს განსხვავებული სტილი აქვს, შედარება ძნელია. ზოგ გუნდს უფრო მუსიკალურად აქვს გაფორმებული, სხვას მეტი შოუს ელემენტები აქვს.
ვინაიდან ჩემპიონატის თამაშები ტელევიზიით გადაიცემა და ორგანიზატორების ინტერესიც არის, რომ მაღალი დონის იყოს, ამიტომ რეპეტიციებზე, რედაქტირებისას, ყველა გუნდს თანაბრად ეხმარებიან.
წინასწარ ვერ ვფიქრობდი, ნახევარფინალში ჩვენთან ერთად მონაწილე ორი გუნდიდან რომელი შეიძლებოდა დარჩენილიყო ფინალს მიღმა იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი წინა სეზონის გამარჯვებულია; მეორე, – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი – ცნობილი სატელევიზიო შოუმენებითაა დაკომპლექტებული.
ხელმძღვანელობაც, რეჟისორებიც, სცენარისტებიც ცნობადი სახეები არიან და ამ სფეროში თავისი სიტყვაც აქვთ ნათქვამი. ფინანსური შესაძლებლობაც მეტი აქვთ. ასეთ კონკურენციაში ცოტა რთულია, მაგრამ რადგან საკუთარი სტილი დავიმკვიდრეთ და მოიწონეს, მადლობა ღმერთს, ფინალამდე მივედით.
„ჭირიმეს“ ძირითადი წევრები დათო ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ბექა ხიჯაკაძე და გიორგი ჭიპაშვილი არიან. მეოთხედფინალში, მათთან ერთად, დათო ჭყოიძემ ითამაშა. ნახევარფინალის მუსიკალურ ნომერში „ხარაგაულის კვარტეტის“ წევრები გია მეიფარიანი და დათო კვირიკაშვილი დავიმატეთ.
ვხუმრობთ ხარაგაულზე, თბილისზე, იმერეთზე, იმერლებზე. ვფიქრობ, რომ დაბალანსებული და მიუკერძოებელი იუმორი გვაქვს, თვითკრიტიკაც არის. მაყურებელზეც ბევრია დამოკიდებული. ძალიან კარგი გულშემატკივარი გვყავდა. ფინალური შეხვედრა დეკემბერში გაიმართება.
ფინალში ხარაგაულის „ჭირიმესთან“ ერთად ბათუმის „ნეპტუნი“, აბაშის „სულგუგუნი“ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი „ლექტორი და სტუდენტები“ იასპარეზებენ.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის იუმორისტულ გუნდს „ჭირიმე“.
ლაურა გოგოლაძე
გივი კურტანიძის ფოტო
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი