შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით: „2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა.  35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით”.

შსს-მ საქართველოს პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები  წარმოადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარით და ცივი იარაღის კონფისკაციას.

ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება მოხდება არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კუთხით. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება.