მსოფლიო ბავშვთა დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი (unicef) მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, კერძო სექტორსა და საზოგადოებებს მთელს მსოფლიოში, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სამყარო ყველა ბავშვისთვის ყოველგვარი დისკრიმინაციისგან თავისუფალი გახდეს.

წელს მსოფლიო ბავშვთა დღე აღინიშნება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დღეს. როდესაც ხალხი მთელ მსოფლიოში ერთიანდება ფეხბურთის და მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად. გაეროს ბავშვთა ფონდს სურს, რომ ისინი ასევე გაერთიანდნენ, ყველა ბავშვის უფლების გარშემო, დაცული იყვნენ დისკრიმინაციისგან და ისარგებლონ ინკლუზიური გარემოთი.

„ყველა ჩვენგანი – საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მთავრობებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ყველა ბავშვი თავს ჩართულად გრძნობს“, – ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებაზე, ცხოვრების ადეკვატური პირობები და თანაბარი შესაძლებლობები. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩავრთოთ ბავშვები ამ პროცესში – მოვუსმინოთ მათ, უზრუნველვყოთ უსაფრთხო სივრცე, სადაც შეეძლებათ ისაუბრონ“, – დასძინა ხალილმა.

ამ დღეს ბავშვები ცენტრალურ სცენაზე დგანან – უძღვებიან სკოლებს, სატელევიზიო მაუწყებლებს და სოციალური მედიის პლატფორმებს. საგარეჯოს სკოლა #1 შეუერთდა გლობალურ კამპანიას „ბავშვები მართავენ“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თვითონ მოირგეს სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების როლი. დღის ბოლოს მოეწყო სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის შეხვედრა, სადაც მათ გააზიარეს თავიანთი გამოცდილება საზოგადოებაში ჩართულობისა და უკეთესი და ინკლუზიური მომავლის ხედვის შესახებ.

მსოფლიო ბავშვთა დღე ასევე აღინიშნა ჭიათურაში, ახალგაზრდებთან ერთად, რომლებმაც აქტიური მონაწილობა მიიღეს დისკუსიებში ბავშვთა უფლებებისა და სოციალური ინკლუზიის მნიშვნელობის შესახებ. დღის ბოლოს ბავშვებმა ლურჯ ფერში გაანათეს ქალაქის სიმბოლოდ მიჩნეული შენობა, გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური კამპანიის – Go Blue-ს ფარგლებში.

მსოფლიო ბავშვთა დღის ღონისძიებები გაგრძელდა ქუთაისში, სადაც ბავშვები, სტუდენტები, მშობლები და მუნიციპალიტეტის მუშაკები ჩაერთვნენ დისკუსიაში პოზიტიური მშობლობის, ბავშვის უფლებების, ბავშვებზე მორგებული ქალაქებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის შესახებ.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდებს გაუძღვა სამი ახალგაზრდა, რომლებმაც გააზიარეს თავიანთი ისტორიები და გამოცდილება და ხაზი გაუსვეს იმ გამოწვევებს, რომელთა გადაჭრასაც მშობლებისგან მოელოდნენ. ბავშვებმა წამოჭრეს ისეთი თემები, როგორიცაა არათანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში სრულყოფილად ჩართვის დაბრკოლებები და მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტიგმატიზაცია.

მსოფლიო ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც ბავშვებს კვირის შუადღის გადაცემაში საშუალება მისცა, ესაუბრათ თავიანთ წუხილებზე და განეხილათ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხები. ეროვნულმა ფილარმონიულმა ორკესტრმა კონცერტი მიუძღვნა მსოფლიო ბავშვთა დღეს და მხარი დაუჭირა გაეროს ბავშვთა ფონდს აუდიტორიაში დისკრიმინაციის მიუღებლობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ გზავნილების გაძლიერებაში.

გლობალური კამპანიის ფარგლებში, მთელი საქართველოდან მოიწვიეს ახალგაზრდები, რათა მონაწილეობა მიეღოთ მოკლე ვიდეო გამოწვევაში სახელწოებით: #IFeltIncluded ტიკტოკსა და ინსტაგრამზე, წამოეწყოთ პოზიტიური დისკუსია თანასწორობისა და ინკლუზიის შესახებ და სხვებისთვის მიეცათ სტიმული, გაეზიარებინათ თავიანთი ისტორიები და ქმედებები.

მსოფლიო ბავშვთა დღე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაწესებული დღეა, რომელიც მოწოდებულია ბავშვებისთვის გლობალური მოქმედებისკენ ბავშვების მონაწილეობით. ეს დღე ყოველწლიურად 20 ნოემბერს აღინიშნება და ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების დღეს. ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება და სახსრების მოზიდვა მილიონობით ბავშვისთვის, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ თავიანთი უფლებებით, და ახალგაზრდების ხმის მიწვდენა იმ დისკუსიებში, რომლებიც მათ მომავალს ეხება.

წყარო

ფოტოებზე – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ჭიათურაში