ხარაგაულში კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ (ხელმძღვანელი რუსუდან გურგენიძე) ორგანიზებით გაიმართა შშმ პირების მხარდამჭერი აქცია „ჩემი შესაძლებლობები შეუზღუდავია“.

აქციის ფარგლებში ბავშვებმა ნახატები შეასრულეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რუსუდან გურგენიძის თქმით, შშმ ბავშვების ასეთი აქტივობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. „აუცილებელი და საჭიროა საზოგადოების მხრიდან ყურადღება. ისინი თანდათან გახდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები,“ -ამბობს რუსუდან გურგენიძე.

კობა ლურსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი: -სოლიდარული ვარ იმ ოჯახების მიმართ, რომელთა შვილები მეტად საჭიროებენ საზოგადოების მხრიდან თანადგომას და ხელისუფლებისგან კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. დიდი საჭიროებებია მათ წინაშე. ამ ოჯახებს გარკვეული ფინანსური დანახარჯები სჭირდებათ, რაც მათთვის ძნელად მოსაპოვებელია. საბოლოდ იმ მიმართულებით წავედით, რომ მათი საზოგადოებში ადაპტირებისთვის დღის ცენტრი გაკეთდეს. ერთი დღის ცენტრის მოწყობა უკვე გადაწყვეტილია კიცხში, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ინგა მაღრაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: -ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ უკეთესი გარემო შშმ პირებისთვის, მათი ღირსეული ცხოვრებისთვის. აქციის მიზანიც ეს არის. სოციალური რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით ვგეგმავთ სოციალურ პროექტებს.

ლალი სებისკვერაძე, განათლების პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: -ეს ბავშვები საზოგადოებაში ადაპტაციას და ურთიერთობას ეჩვევიან. რაც ხშირად იქნება ასეთი აქციები, მით უკეთესია. არაჩვეულებრივად ხატავენ და მეტი ყურადღება სჭირდებათ.

11 წლის ვარძიელმა რეზო სარალიძემ ბურთი დახატა. მას ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში. „ციცინო მასწავლებელი დამპირდა, რომ დაბადების დღეზე ბურთს მაჩუქებს,“ – ამბობს რეზო.

ბორითელი მესამეკლასელი მარიამ ბლუაშვილის დედა მანანა ბლუაშვილი ამბობს, რომ შშმ ბავშვები მასიური ღონისძიებებით განებივრებულები არ არიან. ამიტომ ასეთ აქციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რაც მთავარია, მარიამია ძალიან გახარებული.

მარინე ნავაძე, მშობელი: -ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ აქციებს შშმ პირთა ოჯახის წევრებისთვის. კარგია, რომ ჩვენი შვილები საზოგადოებასთან ურთიერთობას ამყარებენ.

ხატვის აქცია მოეწყო „სამოქალაქო კვირეულის“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

ნინო კაპანაძე

aqcia (4)

aqcia (3) aqcia (1)