დღეს, 7 ნოემბერს, ქუთაისში, ოპერის თეატრში, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური ჩატარდება.

ხარაგაულიდან ამ ფესტივალის პირველი ტური წარმატებით დაძლიეს და დღევანდელ ღონისძებაში ჩაერთვებიან ფოლკლორული ანსამბლები, სახალხო მთქმელები და ხელოვნების ოსტატები.

„ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტურში ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები „უბისი“ (ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე) და „ოდილა“ (ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე) იმღერებენ, – ამბობს ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – ორივე ანსამბლი მსმენელისა და ჟიურის წინაშე ორ-ორი ხალხური სიმღერით წარსდგება.

„უბისი“ შეასრულებს სიმღერებს – „ჩემო ნათლიდედაო“ და „პატარა საყვარელო“; „ოდილა“ კი სიმღერებს – „ნადური“ და „რერო“.

სახალხო მთქმელებიდან მეორე ტურში ნიკო წიკლაური და ვიტალი ფცქიალაძე გადავიდნენ, ხელოვნების ოსტატებიდან – ოლეგი თავზარაშვილი, ბესო ლაცაბიძე (ქვის მხატვრული დამუშავება), ნოდარი მეგრელიშვილი (უნაგირების დამზადება), ზალიკო ბოჟაძე (მეთუნე), ამირან ლორთქიფანიძე (ფანდურის დამზადება).

ფოლკლორის ეროვნული ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მესამე, დასკვნითი ტური, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება. ამ ღონისძიებაზე სპეციალისტებისგან შერჩეული გამორჩეული ანსამბლები და სახალხო მთქმელები ჩაერთვებიან.

წარმატებებს ვუსურვებთ მეორე ტურის ხარაგაულელ მონაწილეებს.

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის, საოჯახო ანსამბლის მოსმენა და აღწერაა. ეს ფესტივალი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ფოტოზე: ანსამბლი „უბისი“ ხელმძღვანელ ზურაბ გოგოლაძესთან ერთად