გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს წუხილს საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

„ჩვენი შეშფოთება მოჰყვა 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევას, რომლიც შედეგად სერიოზულად დაშავდა სამი ბავშვი, ერთი კი გარდაიცვალა, – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, – ეს ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც ბავშვებს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

ქალაქის დაგეგმარებაში ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და გარე აქტივობებში ჩართვას.

ნორმები და სტანდარტები, განსაკუთრებით საჯარო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით, უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლების დაცვას, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის, ასევე უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას.

ბავშვზე მორგებული ქალაქდაგეგმარება იწყება იმის გაგებით, თუ როგორ შეუძლია ქალაქს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ბავშვების განვითარება. ვინაიდან თამაშის უფლება ფუნდამენტურია ბავშვის განვითარებისთვის, საჯარო სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის თამაშის ან გარე აქტივობების დროს.

ბავშვზე მორგებული ქალაქის დაგეგმარება ფოკუსირებულია საზოგადოების უსაფრთხოების გაზრდაზე გარემოსდაცვითი დაგეგმვის, დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ის ითვალისწინებს განათების, ლანდშაფტის, ხილვადობის, ბუნებრივი ხელმისაწვდომობისა და მეთვალყურეობის გაუმჯობესებას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას და ხელს უწყობს სივრცის საჯარო გამოყენებას, ასევე უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველყოფას სკოლამდე და უკან.

ამ ტრაგიკული შემთხვევიდან საჭიროა შესაბამისი გაკვეთილების გამოტანა. ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი უსაფრთხოების ზომები არსებულ საჯარო სივრცეებში და აშენდეს ახალი სივრცეები ბავშვებზე მორგებული ქალაქდაგეგმარების პრინციპების დაცვით“.

-გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას, – ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

წყარო

ამავე თემაზე 

„არაპროფესიონალიზმი, უკონტროლო ძალაუფლება და ანგარიშვალდებულების არარსებობდა ღუპავს ადამიანებს“