არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სკოლებში უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო კურსის „სამართლებრივი კულტურის‘‘ დანერგვის გზით ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესში „სამართლებრივი კულტურის“ სახელმძღვანელოსა და ონლაინ კურსის დანერგვის მხარდაჭერას. აღნიშნული კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, როგორებიცაა – ბავშვთა უფლებები, ტოლერანტობა, კონფლიქტების მართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სამოქალაქო ჩართულობა, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის აღმოფხვრა.

„სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა“ PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა მოზარდებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობას, მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივ საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის მხარდაჭერასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფის საქმეში  სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდას.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის დირექტორმა სარა რუპერტმა და PH International-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა.