18 ოქტომბერს, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საზეიმო წირვა აღავლინა; ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
მრევლი ასევე დალოცეს უბისაში სტუმრად მყოფმა მღვდელმთავრებმა, – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია).
– მონასტრების აღმშენებელი, ბერ-მონაზვნული ცხოვრების სულიერად გამაძლიერებელი წმინდა გრიგოლ ხანძთელი არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის, არამედ სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი მოღვაწეა, – ბრძანა მეუფე მელქისედეკმა.
IX საუკუნის უბისის მონასტერი დღეისათვის მოქმედი ერთადერთი ტაძარია, რომელიც გრიგოლ ხანძთელმა დააარსა და ააგო. გრიგოლ ხანძთელი არის ზეცისა კაცი და მიწისა ანგელოზი.
– ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, – მიმართა მრევლს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, – „ადვილი დრო“ არასდროს ყოფილა; არც მაშინ, როცა საქართველო ერთ დიდ სახელმწიფოდ იყო გაერთიანებული.
70-წლიანი კომუნისტური მმართველობის დროს, ათეისტურ პერიოდში ღმერთი დაგმობილი იყო, ტაძრები – შეურაცხყოფილი, ბევრგან დანგრეულიც. ის ადგილები, სადაც ოდესღაც მღვდლები ინათლებოდნენ და სულიერად მდიდრდებოდნენ, დაუთმეს აბანოებს, სამრეცხაოებს, საპატიმროებს, ელექტროსადგურებს და ა.შ.
უბისის დიდებული ტაძარი კი ჩვენამდე მოღწეული საოცრებაა, რომელიც აშენდა ურთულეს პერიოდში, როდესაც თბილისი არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. მაშინ ასეთი საოცარი ტაძრის მშენებელს არა მხოლოდ პირადი ნიჭიერება, არამედ შემოქმედი და აღმშენებელი ადამიანების გაერთიანების უნარი სჭირდებოდა.
ადამიანები, არცთუ იშვიათად, თავის ამ უნარებს დასანგრევად, გასანადგურებლად იყენებენ. წმინდა ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი აღმშენებელის მაგალითია.
ჩვენ სწორედ მას მივმართავთ განსაკუთრებული ლოცვით, რომ შეავედროს უფალს თავისი სამშობლო, რომლისთვისაც დამაშვრალი იყო; თავისი ეკლესია, რომლისთვისაც ის ძალიან ზრუნავდა. საქართველო შემდგომ არათუ თვითონ გაძლიერდა და გაბრწყინდა, არამედ ახლადშემოკედლებულ სხვა სამეზობლოს მფარველობდა.
აი, ეს გაერთიანება იწყება სწორედ იმ საქმეებით, რასაც გრიგოლ ხანძთელი აღასრულებდა; იმ ჯანსაღი ურთიერთობიდან, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სუფევდა.
ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენი ერთობისთვის. ეს განსაკუთრებით სჭირდება ეკლესიას, რომელიც არის არა მარტო მეგზური ჩვენი სულის ცხონების გზაზე, არამედ არის ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე. ამას ძალიან კარგად გააზრება სჭირდება.
იყო ამ ქვეყნის მოქალაქე, არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მხოლოდ პასპორტი გქონდეს. ეს უფრო დიდს ნიშნავს. ეს ნიშნავს გულშემატკივრობას და არა მარტო ერთობას და არა, უბრალოდ, მომხმარებლობას.
მინდა გისურვოთ ყოველივე ის ღირსებები და თვისებები, რაც ამ ქვეყანას აღმშენებლობაში დაეხმარება; რომელიც ეკლესიაში დაგვეხმარება, რომ განსაკუთრებული ერთობა შევინარჩუნოთ.
აღმშენებლობა, რომელიც, წლების განმავლობაში, ფიზიკური ფორმით მიმდინარეობს, ხარისხობრივად უნდა გაძლიერდეს და სულიერ აღმშენებლობაში განმტკიცდეს, გადაიზარდოს.
მეუფე მელქისედეკი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ, სწორედ ამ მიზნით არის მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მოვლინებული. მოუფრთხილდით მეუფე მელქისედეკს. დიდი სირთულეები შეხვდა მას მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მოსვლის დღიდან და ეს სირთულეები არ განელებულა.
ჩვენ ვხედავთ, როგორ შფოთავს ზოგიერთი, ბოროტი აზრითა და სულით შეპყრობილი ადამიანი, რომლებიც მოწოდებულნი არიან არა ერთობისა და სიყვარულისთვის, არამედ თავისი სული დაუთმიათ ბოროტი ზრახვებისთვის. ჩვენ არ გავრიყავთ მათ, ჩვენ ვლოცულობთ მათთვის.
ხანგრძლივი ათეისტური პერიოდის შემდეგ ჩვენ გვჭირდება წესრიგი, ვითარების გამოსწორება. ყოველთვის, ამ წესრიგის დამყარების პროცესში, ადამიანებს უხერხულობები და დისკომფორტი უჩნდებათ. როგორც კი მოწესრიგებას იწყებ, მაშინვე იწყება უკმაყოფილება და ცილისწამებები.
ნიშანდობლივია, რომ წესიერი, პატიოსანი, მორჩილი ეკლესიური მრევლი ჩუმად არის ხოლმე იმიტომ, რომ არ კადრულობს იმას, რასაც კადრულობენ ადამიანები, რომლებმაც ქრისტეს სულს უღალატეს; უპირისპირდებიან ეკლესიას და ვერ აფასებენ იმ პასუხისმგებლობას, რომლის წინაშეც დადგნენ; იმ პატივს ვერ აფასებენ, რომელშიც იმყოფებიან.
ეს არა მარტო ერის კაცებს, სასულიერო პირებსაც გვეხება, სრული მასშტაბით, აბსოლუტურად, – ბრძანა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
– ზოგადად, წმინდანები ის ადამიანები არიან, ვინც საკუთარ თავში ბოროტება დაამარცხეს, – მიმართა უბისის მონასტერში შეკრებილ მრევლს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, – ადამიანი იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ იგი, დაამარცხებს რა საკუთარ თავში ბოროტებას, ის ამარცხებს კოსმიურ ბოროტებასაც.
ღმერთს უყვარს ასეთი ადამიანები და სწორედ მათ ლოცვას შეისმენს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ არა მხოლოდ ცალკეული პიროვნების ბედ-იღბალი, არამედ ერის ბედი შეცვალონ. სწორედ ამიტომ ვსასოებთ და ვეტრფით ასეთ წმინდანებს, როგორიც გრიგოლ ხანძთელია.
ნათქვამია – ბრძენი დროს უსწრებს, ჭკვიანი ფეხდაფეხ მიჰყვება, სულელი ეჩხირება. არ გავეჩხიროთ დროს. ცხოვრებას ან ჭკვიანურად მივყვეთ, ან ბრძნულად დავასწროთ.
ხვალ-ზეგ ყველა გაურკვევლობა დალაგდება. ზოგჯერ ორ კარგ ადამიანს, გაუგებრობის გამო, შეიძლება ერთმანეთთან დავა მოუწიოთ. თუმცა, მთავარია, რომ ყველაფერი დალაგებადია.
ყველაზე საუკეთესო დროსაც კი არ ყოფილა ყველაფერი დალაგებულად. რატომ? იმიტომ, რომ ეშმაკი შვებულებაში არასდროს გადის, – არც დღე, არც ღამე… ჩვენ ხომ გვაქვს ჭკუა?! ამიტომ უნდა დავფიქრდეთ. ჩვენ ნამდვილად გამორჩეული პატრიარქი და გამორჩეული სინოდი გვყავს.
თითოეულ ჩვენთაგანს გვეწევნოდეს წმინდა გრიგოლ ხანძთელი; ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სამშობლოს აძლიერებდეს. ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ პირნათლად ვემსახუროთ უფალს.
ყოველთვის ვიყოთ მინდობილი უფლის ნებას და რაც მისთვის არის სათნო, მხოლოდ და მხოლოდ, ისე გვეღვაწოს თითოეულ ჩვენთაგანს.
ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს.
მოამზადა ლაურა გოგოლაძემ
ფოტოზე – მიტროპოლიტი გრიგოლი მეუფე მელქისედეკს, უბისის ტაძრისთვის, წმინდა ტრაპეზის სახარებას გადასცემს
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის