„მოსწავლეს მასწავლებლისთვის შეკითხვის დასმა არ უნდა მოერიდოს. მოსწავლეებს გამუდმებით ვაგრძნობინებ, რომ ზოგჯერ შეიძლება მეც შემეშალოს, რამე არ ვიცოდე. ბოდიშიც მომიხდია მისთვის, როცა გავაანალიზე, რომ ჩემი ქმედება სწორი არ იყო.
ბავშვს თუ დაეუფლა განცდა, რომ შენ სტატუსით მასზე მაღლა დგახარ, იქ ყველაფერი მთავრდება“, – ამბობს საღანძილისა და ბაზალეთის საჯარო სკოლების გეოგრაფიის პედაგოგი ეკა მესხი.
მას ზოგადი განათლების მთავარ გამოწვევებზე, მოსწავლეებთან ურთიერთობის სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებზე ვესაუბრეთ.
ეკა მესხმა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის (ახლანდელი ილიას) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი გეოგრაფის სპეციალობით დაამთავრა. 2001 წელს მეხუთე კურსის სტუდენტმა პირველად შეაღო საკლასო ოთახის კარი და მას შემდეგ ცდილობს, მუდმივად განვითარდეს.
„გაკვეთილებზე იმ ახალგაზრდებთან შევედი, ვისთან ერთადაც უბანში ვთამაშობდი. მიუხედავად იმისა, რომ სწავლასთან დაკავშირებით სიმკაცრესა და მომთხოვნელობას ვიჩენდი, მაინც ვცდილობდი, მათი თანატოლი ვყოფილიყავი. სხვანაირად სკოლაში ვერ იმუშავებ.
ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მოსწავლეს, რომელიც არ სწავლობს, რაღაც გასაღები უნდა მოუძებნო, კლასგარეშე აქტივობებში გვერდით დაიყენო, რომ შენთან ურთიერთობა გაუადვილდეს. შემდეგ შენს საგანსაც ისწავლის.
გაკვეთილზე ხშირად წიგნზე, ფილმზე, მსახიობზე მისაუბრია, ან ისეთ მოვლენაზე, რომელიც გეოგრაფიას სულაც არ უკავშირდება. ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც კარგად არ სწავლობდა, სუიციდთან დაკავშირებით გაუჩნდა შეკითხვა. ავყევი პოლემიკაში და ვისაუბრეთ; ურთიერთობაში იმდენად კარგი თვისებები გამოამჟავნა, რომ მივხვდი, – ამ ბავშვს ფართო თვალსაწიერი ჰქონდა და მისგან ნამდვილად კარგი პიროვნება დადგებოდა. მასწავლებელმა მოსწავლის საუკეთესო პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყო ხელი, – ესაა მთავარი.
მასწავლებლებს თითოეული კურსდამთავრებულის წარმატება ისევე გვახარებს, როგორც მის მშობელს. ყველაზე ამაყად მაშინ გრძნობ თავს, როცა შენი მოსწავლეები სტუდენტები ხდებიან, – არ აქვს მნიშვნელობა, შენს საგანს აბარებენ თუ არა“.
ეკა მესხი მიიჩნევს, რომ საქართველოში ზოგადი განათლების ყველაზე დიდი გამოწვევა მძიმე სოციალური გარემოა.
მასლოუს პირამიდას მიხედვით, ბაზისურია ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილებები, რაც საკვებით უზრუნველყოფას, უსაფრთხო ოჯახურ და სასწავლო გარემოს გულისხმობს. თუ ბავშვს შია ან სასწავლო ნივთები არ აქვს, ძალიან რთულია, მას მაღალ იდეალებზე ესაუბრო.
კოვიდპანდემიამ გაჭირვებული ყოფა, განსაკუთრებით სოფლებში, კიდევ უფრო ნათელი გახადა. ძნელია, ბავშვს მოთხოვო საგნის მაღალ დონეზე სწავლა, როცა ის ფიზიკურად ისევე მუშაობს სახლში, როგორც მისი მშობელი.
მძიმე სოციალური ფონი ასევე მოქმედებს პედაგოგზეც. მასწავლებელმა წარმატებას რომ მიაღწიოს, ეკონომიური მდგომარეობა მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა ფიქრობდეს, როდის მოვა ხელფასი, რომ ელემენტარული საჭიროებები მოაგვაროს.
რა ჰქნას მასწავლებელმა, რომელსაც ოჯახის წევრები ელოდებიან სახლში, რომ რაღაც მიიტანოს, ბანკის ვალი რომ აქვს, ავადმყოფი რომ ჰყავს სახლში და წამლები არც ისე იაფია – მასწავლებელი ყოფითი პრობლემებისგან თავისუფალი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში უკეთეს შედეგს მიაღწევს.
მშობელიც ამ გამოწვევის წინაშეა. იმის გამო, რომ მას უამრავი საფიქრალი აქვს, სრულყოფილად ვერ ერთვება მოსწავლის ცხოვრებაში, ვერ ეხმარება დავალებების შესრულებაში და ვერ აძლევს მას საჭირო რჩევა-დარიგებებს. ახლა მშობლებს ამისთვის არ სცალიათ“.
ეკა მესხი წამყვანი მასწავლებელია და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად იღვწის. მისი აზრით, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა მასწავლებელს საკუთარი ცოდნის მობილიზების შესაძლებლობას აძლევს და მათთვის ეს ძალიან საჭიროა.
„მასწავლებლის პროფესიაში განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემს საგანში მუდმივად რაღაც იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა არ მიყვარს, ჩემი საგნიდან გამომდინარე, გლობალიზაციას როცა ვეხები, პოლიტიკური პროცესები აუცილებლად უნდა განვიხილო; უნდა მოვიძიო ახალი ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე, ნატოზე, კონფლიქტებზე მსოფლიო მასშტაბით, რომელმა სახელმწიფომ რა პოზიცია დაიკავა, ამას მოითხოვს ჩემი საგნის სწავლება.
გლობალური თვალსაზრისით მე ცალკეული მოვლენების ანალიზი, სინთეზი, შეფასება უნდა ვასწავლო, რომ ჩემს მოსწავლეს საღად აზროვნება შეეძლოს. მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას მოითხოვს ახლანდელი სასწავლო გეგმა.
თუ ბედავ, რომ ასწავლო, პირველ რიგში შენ უნდა ისწავლო. თუ გინდა, რომ მოსწავლის განვითარებას ხელი შეუწყო, ჯერ შენ უნდა განვითარდე. თუ არ იცი, უნდა იკითხო, ეს სირცხვილი არ არის.
მასწავლებლის დღეს პირველ რიგში ჩემს ყოფილ მასწავლებლებს მივულოცავ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, რომ ძალიან ბევრი რამ მასწავლეს. მიუხედავად მძიმე 90-იანი წლებისა, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, ნაყოფიერი სასწავლო პროცესი გვქონოდა. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მრავალი წარმატებული თაობის აღზრდას.
კოვიდპანდემიამ ერთი რამ ძალიან კარგი გააკეთა, – მშობლებმა დაინახეს, რას ვაკეთებთ მათი შვილებისთვის და დაინახეს თავიანთი შვილები, როგორც მოსწავლეები. დღეს ნაკლებია მათი მხრიდან პრეტენზია – „ჩემს შვილს მაღალი ქულა რატომ არ უწერია“.
ვუსურვებ პედაგოგებს, არ დაზარებოდეთ საკუთარი საქმის კეთება და მუდმივად ყოფილიყვნენ შემართებულები, მოტივირებულები და პოზიტიურები. ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას ვტოვებთ გარეთ და საკლასო ოთახში, გაკვეთილზე ისე შევდივართ, ვითომ ყველაფერი იდეალურად გვაქვს. ამის შეძლებას ვუსურვებ ჩემს მასწავლებლებსა და კოლეგებს“.
თამთა გოგოლაძე
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის