წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა, პროფესიულ უნარ-ჩვევებში, წელს პირველად ჩატარდა. ამ გამოცდაზე 12 500-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წამყვანი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე 8 102 მასწავლებელი გავიდა. მათგან გამოცდა 2 456-მა მასწავლებელმა ჩააბარა. მენტორის გამოცდას 2 744 მასწავლებელი აბარებდა, ბარიერი 184-მა პედაგოგმა გადალახა.
დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრების მიხედვით, წამყვანობის მსურველს უნდა დაეგროვებინა ტესტების მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%, ანუ 42 ქულაზე მეტი; ხოლო მენტორობის მსურველს ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 75%, ანუ 52,5 ქულაზე მეტი.
ამ გამოცდაზე გასულ მასწავლებელთა არც თუ ცოტა ნაწილი ტესტების გამსწორებელთა მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და შეფასების სისტემას არაობიექტურს უწოდებს.
როგორი იყო სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა, რა შენიშვნები აქვთ და რა არის გასაუმჯობესებელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, – ამის შესახებ პედაგოგებსა და განათლების ექსპერტს ვესაუბრეთ.
მარელისის საჯარო სკოლის რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი ეკა ქურდაძე მიიჩნევს, რომ საგამოცდო ტესტების პასუხებში ჩაწერა ის სტრატეგიები და ხერხები, რომელთაც, წლებია, მოსწავლეებთან ურთიერთობისას იყენებს. ეკა მასწავლებელი ვარაუდობს, რომ მისი ტესტის გამსწორებელი სპეციალისტი არ იყო და სკოლის პრაქტიკულ საქმიანობას არ იცნობდა.
„მენტორობისთვის საჭირო 53 ქულა ვერ მოვაგროვე, – ამბობს ეკა ქურდაძე, – ტრენინგებზე რა ლიტერატურაც მოგვაწოდეს, ტესტებში, სამწუხაროდ, მისი მსგავსიც კი არაფერი იყო მოცემული. ეს რომ გვცოდნოდა, სხვაგვარად ვიმეცადინებდით.
2010 წელს, როცა მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო, უფროსი მასწავლებელი გავხდი. მას შემდეგ უამრავი ტრენინგი გავიარე. ხუთი წელი სკოლაში ფასილიტატორი ვიყავი და პროფესიულ ზრდაში სხვა მასწავლებლებს ვეხმარებოდი.
კარგი იქნება, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრისგან უკუკავშირი იქნება; მაგალითად, მაინტერესებს, რატომ მივიღე 7 ქულა ფუნქციურ წერაში და გაკვეთილის შეფასებაში 12 ქულიდან – 6 ქულა. გაკვეთილზე მოსწავლის შეფასება თუ უნდა იყოს ვალიდური, გამჭვირვალე და ობიექტური, ჩვენს მიმართაც ასეთი წესი უნდა ყოფილიყო. ფარ-ხმალს არ დავყრი და გამოცდას ისევ ჩავაბარებ. თუმცა, ვთვლი, რომ შეფასება უსამართლოა“.
ბორის საჯარო სკოლის ქიმიის უფროსმა მასწავლებელმა ქეთევან პავლაძემ, გამოცდის ჩაბარების შედეგად, მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის საჭირო ქულები მიიღო. თუმცა, მენტორის სტატუსის დასადასტურებლად შემდგომში რა ნაბიჯები უნდა გადადგას, ეს საკითხი ამ დრომდე ბუნდოვანია.
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში წერია, რომ უნდა შემოწმდეს მასწავლებლის პორტფოლიო, სადაც უნდა განვათავსოთ ჩვენი საქმიანობის შედეგები, – ამბობს ქეთევან პავლაძე, – თუმცა, როდიდან დაიწყება პორტფოლიოს შექმნა, არ ვიცით. გარდა ამისა, უცნობია, როდის გავივლით გარე დაკვირვებას. ამიტომ ძალიან დაბნეულები ვართ.
გამოცდისთვის წინასწარ დაანონსებული საჭირო ლიტერატურის ნაწილი შევიძინე. სრულად მისი წაკითხვა ვერ შევძელი. თვალი გადავავლე ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევებსა და მასწავლებლის მეთოდურ სახელმძღვანელოებს. ტრენინგებზე რაც მოვისმინეთ, ის მასალა არც ერთ ტესტში არ იყო. კოლეგებთან ერთადაც ვიმეცადინე. ისინი ტრენინგებზე მიღებულ ცოდნაზე – პროექტების წერასა და კვლევების ჩატარებაზე – აკეთებდნენ აქცენტს.
ღია დავალებები სხვადასხვანაირად გასწორდა, გამსწორებლების შეხედულებების მიხედვით.
აუცილებელია, რომ ამ ტიპის დავალებას შეფასების კონკრეტული კრიტერიმები ჰქონდეს ან გამსწორებლის კომენტარი ერთვოდეს. ვთვლი, რომ ღია დავალებების ნაწილში ობიექტურად არ შემაფასეს. დასკანერებული ნაშრომი რომ ვნახე, ყველა გვერდი ჩამოჭრილია და სრულყოფილად არ იკითხება. თუ გამსწორებელმაც იგივე ნახა, მაშინ მადლობა უნდა ვუთხრა. ზოგიერთის ნაშრომის ნაწილი საერთოდ დაიკარგა.
ტესტების პირველი ვარიანტი ვინც დაწერა, მათ სკალირებით 4 ქულა მოუმატეს. ამ დონის განსხვავება ტესტებს შორის არ უნდა იყოს. არასაკმარისია ტესტებზე მუშაობის დრო, სამსაათნახევარი“.
ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემას ასახელებს.
„ძალიან რთულია, მასწავლებელმა საკუთარი ცოდნა/გამოცდილება საგამოცდო ფორმატში გადაიტანოს, – ამბობს სიმონ ჯანაშია, – ცოდნა შეიძლება იყოს მრავალგვარი, მაგალითად წიგნიდან, პრაქტიკიდან, ტრენინგიდან. ამ ცოდნისა და გამოცდილების გამოცდაზე, ღია კითხვებით შეფასება რთულია. გამსწორებლისთვის, შესაძლოა, ძნელი მისახვედრი იყოს, მასწავლებელმა რა იგულისხმა.
მასწავლებლობა არ არის მეცნიერება. მასწავლებლობა მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის შუალედური მდგომარეობაა. პედაგოგები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ეს გამოცდები არ არის მათი პროფესიონალიზმის შესამოწმებლად კარგი ინდიკატორი. შეიძლება შეამოწმო ფაქტობრივი ცოდნა, – რა იცის მასწავლებელმა თავისი საგნის შინაარსის შესახებ. თუმცა, არ არის აუცილებელი, მას ყველაფერი ზეპირად ახსოვდეს, რადგან ის ყოველი გაკვეთილისთვის წინასწარ ემზადება.
სხვა საკითხია, თავად საგამოცდო ტესტების შემქმნელები როგორ უყურებენ იმას, თუ რა არის აუცილებელი მასწავლებლისთვის. გამოცდაზე სხვადასხვა სირთულის ტესტები იყო და ეს არის დამოკიდებული საგამოცდო ცენტრის თანამშრომლების ინიციატივაზე. ამიტომ ეს გამოცდები მასწავლებლებში დიდი ნდობით ვერ სარგებლობს.
ჩემი აზრით, მასწავლებლისთვის სტატუსის მისანიჭებლად მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება საკმარისი უნდა იყოს. საფეხურების მიხედვით მასწავლებლისთვის გამოცდების დაწესება, კარგი მეთოდი არ მგონია. საგამოცდო საკითხების ცოდნა მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე არ მეტყველებს.
პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოს არ სურს ერთი საფეხურიდან მეორეზე ბევრი მასწავლებლის გადასვლა, რადგან ამას ანაზღაურების ზრდა მოჰყვება. ამიტომ აუცილებელია, მეტი ფული გამოეყოს სკოლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის. ეს იქნება სამართლიანი მიდგომა. მეტი ფული უნდა დაიხარჯოს მასწავლებელთა მომზადებაზე, ვიდრე მათ შემოწმებაზე“.
გამოაცხადებს თუ არა წელს განათლების სამინისტრო მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად განმეორებით გამოცდას, ჯერჯერობით, უცნობია.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
საზოგადოების გააქტიურება სკოლიდან იწყება
14 სექტემბერს „ნასაში“ საქართველოს დღეა
ხევის საბავშვო ბაღის 17 აღსაზრდელი სასკოლო განათლების მიღმა აღმოჩნდა
ხარაგაულელი ნინო მაღრაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონკურსის გამარჯვებულია
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი