საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სოციალური ქსელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს.
„შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან, – აცხადებს სახალხო დამცველი, – აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში.
ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
– 2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში 11 ადამიანი დაიღუპა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო…
– 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო…
ყოველივე ამის შემდგომ, 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობები შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად.
ჩვენ ეს კანონი სასწრაფოდ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა სასამართლოს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა მისი მოქმედება, ვინაიდან საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არც კი უმსჯელია.
მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა – თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! სისტემა, რომელიც ათობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების დაღუპვის შემდეგაც კი ბედავს უსაფრთხოების წესების გარეშე მშენებლობა დააკანონოს, წარდგენილი საჩივარი არ განიხილოს, თანამდებობის პირებმა აქეთ ითავხედონ.
დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს!!
არაპროფესიონალიზმი და უკონტროლო ძალაუფლება, ანგარიშვალდებულების არარსებობა ღუპავს მისი პირდაპირი და ირიბი გაგებით, ღუპავს ადამიანებს და ღუპავს ამ სისტემის მონაწილეებს“, – წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში