ლიტერატურული კონკურსის, „ოდეონის“ გამარჯვებულები დღეს, 13 ოქტომბერს, დაჯილდოვდნენ.
ამ კონკურსის დამფუძნებელმა, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ ღონისძიების დასაწყისში აღნიშნა, რომ „ოდეონზე“ ყოველთვის საუკეთესო ნამუშევრები იქმნება. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსს ჰყავს ახალი სახეები – განსაკუთრებით მისასალმებელია ახალგაზრდების ჩართულობა.
ლიტერატურული კონკურს „ოდეონის“ გამარჯვებულები ხუთწევრიანმა ჟიურიმ შეაფასა.
„ცხრამეტივე კონკურსანტის ნამუშევარში იგრძნობოდა, რომ ავტორები საკონკურსო თემას – „საზღვარი“ დიდი პასუხისმგებლობით, წრფელი გულითა და ძლიერი გონებით ქმნიდნენ, – აღნიშნა კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძემ, – „ოდეონში“ მონაწილეობა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს მეტ სტიმულსა და თავდაჯერებულობას მატებს“.
ჟიურის წევრის, ირმა შველიძის თქმით, თითოეული ნაწარმოები რამდენჯერმე წაიკითხა, რომ მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო. წინასწარ შეიმუშავა კრიტერიუმები და ყურადღება მიაქცია ნამუშევრების მხატვრულ და იდეურ მხარეს.
პირველი ადგილი ჟიურიმ მიაკუთვნა ვალერი გოგნაძის ლექსს, მეორე ადგილი – ირინა კუპატაძის ნოველას, მესამე ადგილზე – შორენა ღამბაშიძის მოთხრობას.
ვალერი გოგნაძემ დაჯილდოების ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში მნიშვნელოვანია საზღვრების საკითხი. თუმცა, საკონკურსოდ ლექსი უსასრულობასა და უსაზღვროებაზე დაწერა.
ირინა კუპატაძე ამბობს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობის სტიმული მარელისის სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ მისცა. ირინა ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებელია. „კონკურსის თემა რომ გამოცხადდა, ჩემი ფიქრი, გული, აფხაზეთში გაიქცა, – ამბობს ირინა კუპატაძე, – აფხაზეთმა ბავშვობა წაართვა ჩემს თაობას. ნოველაში გადმოვეცი ეს ტკივილი და იმედი, რომ დედის წარმოსახვაში მისი მეომარი შვილი აფხაზეთში ცოცხალია“.
ვერა ოდიკაძემ ირინა კუპატაძე „ვეფხისტყაოსნითა“ და ორიგინალური საჩუქრით დააჯილდოვა – მას„ოდეონზე“ შექმნილი ჩარჩოში ჩასმული თავისივე ნაწარმოები გადასცა.
შორენა ღამბაშიძემ მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის, რომ მისი ნაწარმოები გამარჯვებულთა შორისაა.
კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე – ხიდრის სკოლის მოსწავლე მარიამ ჩაჩანიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ (რედაქტორი ლაურა გოგოლაძე) ასლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა.
„ოდეონის“ მონაწილე ახალგაზრდები – მარიამ ჩაჩანიძე, ზვარის სკოლის მოსწავლე გიორგი გუნთაიშვილი და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე გიორგი კალანდაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
სიმბოლური საჩუქარი გადაეცა მერაბ მესხიშვილს, რომელიც თორმეტჯერ გამართული „ოდეონიდან“ თერთმეტის მონაწილეა.
ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრმა“ „ოდეონის“ მონაწილე სპარტაკ ლაცაბიძე დაასაჩუქრა.
„წლიდან წლამდე „ოდეონი“ მოგონებად, სიყვარულად მიგვყვება“, – აღნიშნა ღონისძიების დასასრულს იზა ვეფხვაძემ. კონკურსანტებიც ერთმანეთს მომავალ წელს „ოდეონზე“ შეხვედრის სურვილით დაემშვიდობნენ.
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2022“, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, 27 სექტემბერს თეთრაწყაროში გაიმართა.
ნინო კაპანაძე
„ოდეონის“ დაჯილდოების ღონისძიების ამსახველი ფოტოები იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე.
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების