ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ხარაგაულში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ განახლდა. დღეს, 27 სექტემბერს, სოფელ თეთრაწყაროში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ხარაგაულელები შეიკრიბნენ.

„ოდეონის“ დამფუძნებელმა, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ კონკურსანტებს  მიმართა. მან აღნიშნა, რომ „ოდეონის“ მონაწილეები ამ წლების განმავლობაში შეიკრენ ერთ ოჯახად, რომლის წევრებსაც ლიტერატურის სიყვარული აერთიანებს.

„ეს კონკურსი პირველად 2006 წელს ჩავატარეთ, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – წლების განმავლობაში, ხარაგაულელებთან ერთად,  მასში მონაწილეობდნენ მწერლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წელს, ფინანსების სიმცირის გამო, „ოდეონში“ მხოლოდ ხარაგაულელები ჩაერთვნენ.

„ოდეონზე“ შექმნილი ცხრამეტივე მონაწილის ნაწარმოებები წიგნად გამოიცემა და მისი პრეზენტაცია, სავარაუდოდ, ორი თვის შემდეგ შედგება. წიგნის გამოცემას ხარაგაულელი ფრიდონ მაღრაძე აფინანსებს“.

საზღვარი – ამ თემაზე კონკურსის მონაწილეებმა დღის ბოლომდე, თავიანთი სურვილის მიხედვით პროზაული ან პოეტური ნაწარმოებები უნდა შექმნან. გამარჯვებულებს ჟიური ერთ კვირაში გამოავლენს.

ოდეონის“ დებიუტანტია მარელისის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ირინე კუპატაძე. ის ამბობს, რომ ბავშვობაში მსგავს კონკურსებში ხშირად მონაწილეობდა. მისი მოთხრობები, ლექსები თუ ჩანახატები პრესაში იბეჭდებოდა.

ირინე მიიჩნევს, რომ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საკუთარი თავის წინაშე ერთგვარი გამოწვევაა. მას სურს, ღირებული ნაშრომი შექმნას და ამისთვის მუზებს „ეპატიჟება“.

ზვარის სკოლის მოსწავლე გიორგი გუნთაიშვილს ლიტერატურულ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მოსწონს. თუ ის აქამდე მოთხრობებს, ესეებსა და ჩანახატებს თავისთვის წერდა, ახლა „ოდეონის“ მეშვეობით მის ნაწერებს ბევრი ადამიანი გაეცნობა.

ხიდრის სკოლის მოსწავლე მარიამ ჩაჩანიძე კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეა. ის ამბობს, რომ გამარჯვება და საპრიზო ადგილის მოპოვება არ არის აუცილებელი. მისი თქმით, მთავარია, საკუთარი სათქმელი ვთქვათ, ჩვენი გრძნობა და განწყობები გულწრფელად გადმოვცეთ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

ხარაგაულში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ იგეგმება