ჩინეთის მოქალაქე ჰე ჯუნრუი, ხუთი წელია, „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო კომპანიაში“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობს.
სამ წელზე მეტია, ეს კომპანია რიკოთის საავტომობილო ავტობანს აშენებს. ჰეც ამ დროის განმავლობაში ხარაგაულშია. მასთან ერთად მშენებლობაზე 350 ჩინელი მიგრანტია. დავინტერესდით, როგორ ცხოვრობენ შრომითი მიგრანტები საქართველოში.
ჩინელი მიგრანტების ნაწილი სამშენებლო კომპანიის ჩამოსვლის დღიდან მუდმივად აქაა, ზოგი პერიოდულად თავის ქვეყანაში ბრუნდება. მათ, ვინც ჩინეთიდან საქართველოში ახლა პირველად მოდის, გარკვეულ ინფორმაციას საქართველოს შესახებ აწვდიან, აქაურ ტრადიციებსა და წესებზე ესაუბრებიან.
ჰე ჯუნრუი კი ამბობს, რომ საქართველოში წამოსვლისას მხოლოდ ამ ქვეყნის რუკაზე მდებარეობა იცოდა.
ჰე სხვა ქვეყანაში სამუშაოდ არასდროს ყოფილა. ის ამბობს, რომ საქართველოსა და ჩინეთში სამუშაო პირობები განსხვავებულია. იქ საკომუნიკაციოდ სხვა ენის გამოყენება არ სჭირდება, აქ კი თანამშრომლებთან ურთიერთობისას მშობლიური ჩინურის ნაცვლად ინგლისურს იყენებს და ქართველ თანამშრომლებს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრება. ამიტომ მისთვის, როგორც შრომითი მიგრანტისთვის, მთავარი დაბრკოლება ენის ბარიერია.
ჩვენს შეკითხვაზე, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, საქართველოში მიგრანტისთვის რას შეცვლიდა, გვპასუხობს, რომ მიგრანტებს, მუშაობის დაწყების პარალელურად, ქართულ ენას შეასწავლიდა.
ამ სამ წელიწადში ჰეს ცოტა ქართულიც „შემოესწავლა“ – „გამარჯობა“, „ნახვამდის“, „მადლობა“ – და კიდევ რამდენიმე სიტყვის სწავლა ამ დრომდე მოახერხა.
„მუშაობის პროცესში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრა მიწევდა და მათი ენა არ მესმოდა. ჩემთვის, როგორც მიგრანტისთვის, მთავარი პრობლემა ესაა. თუმცა, როცა დიდი ხნის განმავლობაში რჩები სხვა ქვეყანაში, ენას მეტ-ნაკლებად სწავლობ. თანდათანობით, დროთა განმავლობაში ეჩვევი და ეცნობი ტრადიციებს და ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს“, – ამბობს ჰე.
ქართული ტრადიციებიდან ყველაზე მეტად სუფრაზე სადღეგრძელოს თქმამ მოხიბლა. მოსწონს ქართული სამზარეულო – განსაკუთრებით ხაჭაპური და მწვადი, თუმცა ალკოჰოლის მიღება არ უყვარს.
„ქართველ თანამშრომლებთან ძირითადი დავის საგანი ალკოჰოლია. ჰგონიათ, რომ ცოტა დალევა პრობლემა არ არის, მაგრამ სამშენებლო ტერიტორიაზე ალკოჰოლის მიღება ჩვენთვის ნამდვილად დიდი თავისტკივილია.
ზოგადად, ქართველები ძალიან მეგობრული ხალხია და მათთან კომუნიკაციაც მარტივია. ყოველთვის ცდილობენ, საჭირო დახმარება აღმოგიჩინონ. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა და აქ მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა“, – ამბობს ჰე.
ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს მშენებლობის ადგილზე ექიმი ემსახურებათ. თუმცა, მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურებისთვის ჰე და მისი კოლეგები საავადმყოფოს მიმართავენ, სადაც შესაბამის დახმარებას თარჯიმნის მეშვეობით იღებენ.
ჰე სამსახურისგან თავისუფალ დროს ვარჯიშობს ან ახლომდებარე ტყეში ფეხით სეირნობს. მთელი დღე ავტობანის მშენებლობაზე ყოფნა არც ისე სასარგებლოა და ცდილობს, სუფთა ჰაერზე გავიდეს. მას საქართველოს კლიმატთან შეგუება არ გასჭირვებია, რადგან აქ უკეთესი კლიმატია, ვიდრე მის პროვინციაში, სადაც ახლა 35 გრადუსი სიცხეა. „წლევანდელი ზაფხული ქართველებისთვის ცხელი იყო, მაგრამ ჩემთვის არა“, – ამბობს ჰე.
ჰე ჯუნრუი წარმოშობით ჰუნანის პროვინციიდანაა, იქ მას მშობლები და ერთი ძმა ჰყავს.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში