კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი, აგვისტო-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, კლებადია. თუმცა სხვა რესპირატორული დაავადებების გავრცელების რისკი იმატებს.

როგორ მიმდინარეობს გრიპზე ვაქცინაცია და რა ვითარებაა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმერეთში, – ამ საკითხებზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება.

„ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 16 შემთხვევა დადასტურდა, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ეს ციფრები თანდათან კლებისკენ მოდის. კოვიდთან ერთად განსაკუთრებით საყურადღებოა A და B ტიპის გრიპები, რომელთაც ქრონიკულად მოავადეებში, ორსულებსა და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, სხვადასხვა ტიპის გართულებები ახასიათებთ.

21 სექტემბრიდან ქვეყანაში გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო. სულ იმერეთში, დღეის მდგომარეობით, აცრილია 7497 ადამიანი, მათგან, ყველაზე მეტი – 1010 ადამიანი ხარაგაულში აიცრა. მოცვა დაახლოებით  50,5% – ია. გრიპის ვაქცინაცია ყველა რისკჯგუფებისთვის უფასო, უსაფრთხო და აუცილებელია.

კორონავირუსის შემთხვევათა მატება აგვისტოსა და სექტემბერში შეინიშნებოდა. რესპირატორული დაავადებებისათვის ეს ტალღობრიობა დამახასიათებელია. ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან დაკავშირებით აქტიურდება რესპირატორიული ინფექციები. კოვიდის ახალი ტალღაც, შესაძლოა, კვლავ გვქონდეს ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში.

დღეს ჩვენთვის კოვიდი აღარ არის პანდემიური ვირუსი. ის უკვე აღარ აკმაყოფილებს პანდემიისთვის დამახასიათებელ თვისებებს. კოვიდი აბსოლუტურად მართვადია ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ვიცით ამ დაავადების შესახებ, აღარ არის უცხო ვირუსი, გვაქვს ვაქცინა და ასევე გვაქვს მედიკამენტი და საზოგადოებაშიც გარკვეული იმუნური ფენა არსებობს. ამიტომაცაა, რომ დღეს კოვიდის შემთხვევები აღარ გამოირჩევა ისეთი აგრესიულობითა და მწვავე კლინიკური მიმდინარეობებით.

აღარ ვთვლით სავალდებულოდ, რომ იზოლაციაში გადავიდეს ადამიანი, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებულის კონტაქტია. ვიძლევით რეკომენდაციას, რომ კონტაქტში მყოფი ადამიანი გადაადგილდეს და 10 დღის განმავლობაში მკაცრად დაიცვას პირბადის გამოყენების წესი.

თვითონ ინფიცირებული ადამიანი უნდა დარჩეს სახლში. ეს ეხება აგრეთვე გრიპის ვირუსით დაავადებულ ადამიანებსაც, რადგან მათი გადაადგილებაც საფრთხეს უქმნის სხვების ჯანმრთელობას“.

პირველი ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ხარაგაულში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეისათვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 11 აქტიური შემთხვევაა. დღემდე ხარაგაულში ინფიცირებულია 5774 ადამიანი, ამ ვირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა.

თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე:
სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 21 სექტემბრიდან რისკჯგუფებისთვის ხელმისაწვდომია