ზამთრის სეზონზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში გათბობის საშუალებად კვლავ შეშის ღუმელი რჩება. იმის მიუხედავად, რომ ერთი კბმ შეშის ღირებულება 6 ლარია, ზამთარში სამყოფი შეშის დამზადება და სახლამდე მისი ტრანსპორტირება 1000-დან 1500 ლარამდე მაინც ჯდება.
ფარცხნალში მცხოვრები ჟუჟუნა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ შეშა მეზობლისგან უნდა იყიდოს. „შეშის მოჭრის საბუთი უნდა მივცე იმ მეზობელს, რომელსაც ხარები ჰყავს, – ამბობს ჟუჟუნა ჩერქეზიშვილი, – ასე შედარებით იაფი გვიჯდება. მანქანა რომ დავიქირავოთ, ჯერ ბენზინი ძალიან ძვირია და მერე ფარცხნალის ტყეში მანქანის მისასვლელი ადგილი საკმაოდ შორსაა. ხარით შეშის მოტანა 500 ლარი დამიჯდება, მანქანით – 1000-1200 ლარამდე.
ტყეში გამხმარი და მოტეხილი ხეები ბევრია. თუმცა, ხელს ვერ ვკიდებთ, დაჯარიმების გვეშინია.
ზამთრისთვის საკმარის შეშას მაინც ვერ შევიძენთ. ეკონომიურად უნდა ვხარჯოთ. მართალია, მე და ჩემი მეუღლე პენსიას ვიღებთ და მე ასევე ვმუშაობ, მაგრამ ჩვენი ოჯახის შემოსავალი წამლებში მიდის. პროდუქტები ძალიან ძვირია. ასეთი გაჭირვება გვაქვს მე და ჩვენს მეზობლებსაც. ფარცხნალი გაზიფიცრებულია, მაგრამ გაზი ან გასათბობად დენი რომ მოვიხმარო, მაგის საშუალება არ გვაქვს“.
როგორ ავიღოთ შეშის ბარათი და რამდენად ახლოსაა სოფლებთან მობეჭდილი ტყეკაფები, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სატყეო უბნის უფროსს სოსო ფოფხაძეს მივმართეთ. მისი განმარტებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზონების მიხედვით ტყეკაფები თითქმის ყველა სოფელთანაა გამოყოფილი.
ტყეში შესაძლებელია როგორც მანქანით, ასევე ცოცხალი გამწევი ძალით მისვლა. მოქალაქე ბარათის ასაღებად უნდა დაუკავშირდეს ტყის მცველს, რომელიც მას ტყეკაფის ნომერს და ბანკში თანხის ჩარიცხვის კოდს მისცემს. ერთი კბმ შეშის ღირებულება 6 ლარია.
ერთ ოჯახს 5 კბმ შეშის მოპოვება შეუძლია, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებს – 7 კბმ შეშის. ბანკში თანხის გადახდის შემდეგ მოქალაქეს ტყეში შეშის დამზადებაში ტყის მცველი დაეხმარება და ხე-ტყის ტრანსპორტირების დოკუმენტს გამოუწერს.
მარტო ბანკის ქვითარი შეშის კანონიერად მოპოვება-ტრანსპორტირებისთვის საკმარისი არაა, შეშის ტრანსპორტირებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ქონა აუცილებელია.
შეშის უკანონოდ მოპოვებისთვის მაღალი ჯარიმებია. საზედამხედველო სამსახური, პოლიცია ხშირად ტყეკაფებში მონიტორინგს აწარმოებს. უკანონოდ მოპოვებული შეშის ტრანსპორტირებისთვის ჯარიმა 1000 ლარია; ამას გარემოსთვის მიყენებული ზიანი ემატება – ერთ კბმ შეშაზე 100 ლარი.
სოსო ფოფხაძის ინფორმაციით, 10 ოქტომბრისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 22-ვე საბავშვო ბაღი შეშით მომარაგებული იქნება, ხოლო 20 ოქტომბრისთვის – 25-ვე სკოლა.
ხარაგაულში ამ დრომდე შეშის ღუმელებით თბებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და სამუსიკო სკოლაში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ შენობაში ზამთრის სეზონისთვის, დიდი ალბათობით ბუნებრივი აირის ცენტრალურ გათბობას დაამონტაჟებენ. გასულ წლებში, პანდემიის გამო, შეშა დაეზოგა ხარაგაულის სამუსიკო სკოლას. ამიტომ ახლა შეშას აღარ შეიძენენ. ამ სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე რამდენიმე საკლასო ოთახში დენის გამათბობლის დამონტაჟებას გეგმავს.
შეშის შეძენა დასჭირდება წელს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
ათ წელზე მეტია, რაც მოსახლეობაზე სამასალე მერქნის მოსაპოვებლად ბარათები აღარ იცემა. ამჟამად სამასალე ხე-ტყის შეძენა აუქციონის წესით შეიძლება. სოსო ფოფხაძის ინფორმაციით, ხარაგაულის სატყეო უბანში სექტემბერში 30 კბმ წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი გაიყიდა და ეს მერქანი ხარაგაულელებმა შეიძინეს.
გთავაზობთ ხარაგაულში მოქმედი სატყეო უბნების ტყის მცველთა ტელეფონის ნომრებს:
რიკოთხევის სატყეო უბანი – ერასტი ღამბაშიძე- 595 000 362;
წიფის სატყეო უბანი – ერასტი ღამბაშიძე- 595 000 362;
საქასრიის სატყეო უბანი – ზვიად ლომიძე- 555 330 942;
ბორითის სატყეო უბანი – პაპუნა ჭიპაშვილი – 595 00 30 64;
ვარძიის სატყეო უბანი – კახაბერ ხიჯაკაძე – 599 898 847;
ზვარეს სატყეო უბანი – მურმან ფერაძე- 593 475 940;
მოლითის სატყეო უბანი – მერაბ ტალახაძე- 595 600 434;
ფარცხნალის, ხიდარის, ვანისა და სხლითის სატყეო უბანი – გოგი ბერაძე – 557 304 275.
ამავე თემაზე
ხარაგაულის თვითმმართველობა გაჭირვებული ოჯახებისთვის შეშის შეძენას გეგმავს
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში