ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ფუთში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საავტომობილო გვირაბის მშენებლობის გამო მათი საცხოვრებელი სახლები ინგრევა.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მიყენებული ზიანის გამო კომპენსაციას მოითხოვენ.

„დაგვანგრიეს და დაგვაქციეს, – ამბობს ფუთში მცხოვრები ლელა მანაგაძე, – აქ მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის F60 მონაკვეთის #3 გვირაბის მშენებლობა. აფეთქებითი სამუშაოებით საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ბავშვებზე აფეთქებების ხმა ცუდად მოქმედებს. არაერთგზის მივმართეთ სხვადასხვა უწყებებს და არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მოვითხოვთ მხარდაჭერას და ჩვენი უფლებების დაცვას“.

ფუთელები ამბობენ, რომ აფეთქებითი სამუშაოების გამო სოფლის ინფრასტრუქტურა დაზიანდა და სასმელი წყალი დაიკარგა.

ფუთში მცხოვრები გენადი ჩიტორელიძის თქმით, გვირაბის მშენებელი კომპანია მშენებლობის დასრულებამდე სხვაგან ცხოვრებას და ქირის გადახდას სთავაზობს. თუმცა, ეს ფუთელებისთვის მიუღებელია, რადგან წვრილფეხი ჰყავთ და ასე მარტივად სხვაგან საცხოვრებელს ვერ მოძებნიან.

„ჩვენ ვითხოვთ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეხვედრას და ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს გვერდით დგომას“, – ამბობს გენადი ჩიტორელიძე.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე გაცნობებთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ხარაგაულში ფარცხნალის საუკუნოვანი სკოლა დაიხურა

ხარაგაულში სამი სოფლის გაზიფიცირებისთვის განმეორებითი ტენდერი მიმდინარეობს

ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობა უგზოობით გაწამებულია, გზის ტენდერი კი ხელახლა გამოცხადდა