არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლარსის საზღვარზე ჩრდილოეთკავკასიელების სპეციალური და უფრო მკაცრი შემოწმების სავარაუდოდ დისკრიმინაციული გამოცდილებას აჩვენებს და მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ შექმნას სასაზღვრო შემოწმების თანასწორი და ღირსეული გარემო ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

„რუსეთში დაწყებული სამხედრო მობილიზაციის პირობებში, რუსეთის მიერ კოლონიზებული და მასთან ისტორიული დაპირისპირების გამოცდილების მქონე საზოგადოებების მხარდაჭერა კავკასიაში საქართველოს ისტორიული როლი და ამოცანა იყო და ჩვენს რეგიონში მეგობრული და სოლიდარული ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის, ამ რთულ მომენეტში სწორი პოლიტიკური და სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა არსებითი გვგონია, – ნათქცვამია მიმართვაში, რომელსაც ავრცელებენ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები – სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამინის უფლებათა ცენტრი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI).

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ადვილი გადასალახია და ის, ძირითადად, სპეციალური შემოწმებისა და ლოდინის გარეშე მიმდინარეობს.

სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ საზღვრის კვეთაზე უარის სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეეებთან მიმართებით ძალიან დაბალია. თუმცა, მედიასთან და ჩვენთანაც არაერთი რესპონდენტი განმარტავს, რომ სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანები (ან ისინი, ვინც მათ გვანან ფიზიკურად სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის მიხედვით) საათების განმავლობაში გადიან შემოწმების რთულ და ხანგრძლივ პროცესს მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში (#222) და ზოგჯერ გაჭიანურებულ, რამდენიმე დღიან შესწავლასაც კი ექვემდებარებიან.

ცხადია, რომ ამ ფონზე  ჩრდილოეთ კავკასიელების საზღვარზე შემოწმების სპეციალური და უფრო მკაცრი წესის მოქმედება დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდებს აჩენს.

სამწუხაროდ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებს არ გვაქვს წვდომა იმ ე.წ. ნეიტრალურ ზონებზე საზღვარზე, სადაც ლოდინის, ან უკვე უარის გადაწყვეტილების პირისპირ დარჩენილი ადამიანები, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფებიან.

ეს ჩვენ გვართმევს სიტუაციის დეტალური ანალიზისა და პრობლემის მასშტაბის დადგენის შესაძლელობას. აქვე, ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის საზღვრის კვეთაზე უარის სტატისტიკა, რომელსაც როგორც შსს განმარტავს, ის ოფიციალურად არც აწარმოებს.

ამის მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტების განცდაა, რომ მათი მიმართ მიღებული უარის გადაწყვეტილებები უფრო ხშირია, ვიდრე რუსეთის სხვა მოქალაქეების შემთხვევაში და მათი თქმით, თითქმის ყოველი მეხუთე პირი მათგან უარს იღებს.

ჩვენ ცხადია, ვაღიარებთ საზღვრის კვეთის პროცესში სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. აქვე ცხადია ისიც, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს ფართო დისკრეცია აქვს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება ზოგჯერ საიდუმლო ინფორმაციას შეიძლება ეფუძნებოდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი თვითნებობის და დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე წარიმართოს და მასზე ქმედითი და დროული სასამართლო კონტროლი არსებობდეს.

ამ მიმართვას ვრცლად გაეცანით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ვებგვერდზე.