ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის 1972 წელს კურსდამთავრებულებმა, მასწავლებელ თამარ სულიაურთან ერთად, სკოლის დამთავრებიდან 50 წლისთავი აღნიშნეს.
„ძალიან „ცელქ კლასად“ ვითვლებოდით, – იხსენებს მარინა დევდარიანი, თანაკლასელთა შეკრების ორგანიზატორი – მასწავლებლებს ძალიან ვაწვალებდით და ჩვენთან შემოსვლა არავის უნდოდა.
მერვე კლასში ახალი დამრიგებელი – თამარ სულიაური მოვიდა. მისით ისე მოვიხიბლეთ, რომ რამდენიმე თვეში სანიმუშოები გავხდით. ახლაც კი, როცა კლასელებს შეკრების შესახებ ვურეკავდი, მათი პირველი შეკითხვა იყო – „თამრიკო მასწი ხომ მოდის?“
ასაკში რომ შედიხარ, თანდათან უფრო გახსენდება წვრილმანები, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდი. არაჩვეულებრივი პედაგოგები გვასწავლიდნენ – შოთა მესხი, ტასო ლოლაძე, მაყვალა ფერაძე, პავლე ნიორაძე, გალაქტიონ ციცქიშვილი… ფიზიკაში „მექანიკა“ შოთა მესხმა მასწავლა, „ოპტიკა“ და „ელექტრობა“ – მაყვალა ფერაძემ. იმდენად კარგად მასწავლა, რომ ინსტიტუტში მომზადების გარეშე ჩავაბარე, ლექტორები მეკითხებოდნენ, ვინ იყვნენ შენი მასწავლებლებიო.
სკოლის დირექტორი ვერა ლეჟავა საოცარი ქალი იყო. მას რომ კიბეზე მომავალს დავინახავდით, ყველა ვჩერდებოდით. ვერა მასწავლებლის ძალიან დიდი პატივისცემა და ხათრი გვქონდა.
არაჩვეულებრივი კლასელები მყავს, – ავთო მესხი, მერაბი ლომსაძე, ნინო არჯევანიძე, ალიოშა ლაბაძე, არჩილ ვეფხვაძე, კაკო ჭიპაშვილი, თენგიზ ჭიპაშვილი, ზალიკო ლურსმანაშვილი, ელვარდი გიორგიძე, ამირან ბოჟაძე, ქეთინო გურგენიძე, ნუნუკა მეიფარიანი, დალი ლოლაძე, მანანა კაციტაძე, მანანა ცერცვაძე, ლეილა ჭიპაშვილი, მერაბი ლურსმანაშვილი, ზალიკო ლურსმანაშვილი – რომელი ერთი ჩამოვთვალო. ბევრი მათგანი დღეს საზღვარგარეთაა, ზოგიერთს ვერ დავუკავშირდი, რამდენიმე მათგანი, სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილია.
თამრიკო მასწავლებელმა რომ პირველ გაკვეთილზე დაფასთან გამოგვიყვანა, არც წყალბადი ვიცით, არც ჟანგბადი, არც წყლის შემადგენლობა. თამრიკო მასწავლებელმა გვითხრა, – მოდით, ბავშვებო, მეშვიდე კლასის მასალიდან დავიწყოთო. მართლაც, კარგად დავიწყეთ სწავლა, არა მხოლოდ ქიმიის, დამამთავრებელ კლასებში თითქმის არც ერთ ჩვენგანს დაბალი ნიშანი აღარ გვეწერა.
ჩვენს კლასელს, თენგიზ ჭიპაშვილს, „ლომონოსოვს“ ვეძახდით. ქიმიის კაბინეტში ლომონოსოვის სურათი ეკიდა. ერთ დღეს ეს სურათი ჩამოხსნილი დაგვხვდა, თუმცა, ჩვენ ვერ შევნიშნეთ. შემოვიდა თამრიკო მასწავლებელი. ლომონოსოვი სად არის? – გვეკითხება. „შატალოზეა“ წასული მასწ, – ჩვენ თენგიზ ჭიპაშვილზე გვეგონა, მასწავლებელი კი თურმე სურათს კითხულობდა.
ისტორიას ნათელა ანთაძე გვასწავლიდა. ნათელა მასწავლებელი ძალიან გვიყვარდა. მე და ელვარდი გიორგიძე ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ისტორიის სწავლაში. წლის ბოლოს ისტორიაში გამოცდისთვის პარტიის 32-ვე ყრილობა უნდა გვესწავლა. ამ ყრილობების სწავლა არ გვინდოდა. სამასწავლებლოში შევიპარეთ და გამოცდის ბილეთები მოვიპარეთ. ვნახეთ, როგორი იყო და ზუსტად ისეთივე ფორმის „ბილეთები“ დავამზადეთ.
ავიღებდით ბილეთს გამოცდაზე, ჯიბეში ჩვენგან გამზადებული „ბილეთი“ გვედო და გამომცდელებს ვეუბნებოდით, რომ ეს საკითხები (ჩვენგან წინასწარ ჩამოწერილი) შეგვხვდა. ყველას უკვირდა, ისე კარგად ვპასუხობდით. ბოლოს გაგვიგეს, „ბილეთი“ იცნეს და დაგვსაჯეს – ისტორიის გამოცდა ხელახლა ჩაგვიტარეს. თუმცა, განმეორებითი გამოცდაც ძალიან კარგად ჩავაბარეთ“.
„ჩემი მომავალი პროფესია ქართულის მასწავლებლის, ნუნუ თხელიძის სიყვარულით ავირჩიე, – იხსენებს ლეილა ჭიპაშვილი, – პირველი გაკვეთილი რომ ჩაგვიტარა, მაშინვე ვიფიქრე, რომ მეც ქართულის მასწავლებელი უნდა გავმხდარიყავი. საოცარი პედაგოგები გვყავდა. თითოეული გაკვეთილიდან არა მხოლოდ საგანს, ადამიანობას, მეგობრობას, პატივისცემას ვსწავლობდით. ამას ბავშვობაში ნაკლებად ამჩნევ. თუმცა, ახლა ვხვდებით, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისეულ გზაზე წარმატება მათი დამსახურებაა“.
„სკოლაში არაჩვეულებრივი პედაგოგები და დირექტორი დამხვდნენ, – იხსენებს თამარ სულიაური, – ქალბატონმა ვერა ლეჟავამ რომ სადამრიგებლო კლასი ჩამაბარა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ჩემს სადამრიგებლო კლასთან არანაირი პრობლემა არ მქონია, მოსწავლეებისთვის შენიშვნის მიცემა არ მჭირდებოდა. ცელქი ბავშვები კი იყვნენ. ამიტომ მათი კლასიდან მასწავლებლები რომ გამოდიოდნენ, სახეზე ვაკვირდებოდი, ვცდილობდი, გამომეცნო, გაკვეთილზე როგორ მოიქცნენ.
მოსწავლეების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვიყავი. თუმცა, ვცდილობდი, გაკვეთილების მიღმა მათი მეგობარი და ქომაგი ვყოფილიყავი“.
ნახევარი საუკუნის წინ კურსდამთავრებულებმა შეხვედრაზე მოსწავლეობის პერიოდის მრავალი მხიარული და სასიამოვნო მოგონება გაიხსენეს და ერთმანეთს, მომავალში კვლავ შეხვედრის სურვილით დაემშვიდობენ.
თამთა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში