საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოში მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2022 წლის იანვრიდან ახორციელებს. ხარაგაულში 2022 წელს მიწის რეგისტრაცია მხოლოდ დაბა ხარაგაულში, ბორითსა და ბაზალეთში ჩატარდება. ეს პროცესი სამივე თემში უკვე მიმდინარეობს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრებს ატარებენ. დღეს, 15 სექტემბერს, შეხვედრა ხარაგაულში გაიმართა. მოქალაქეების შეკითხვებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა გიორგი შაიშმელაშვილმა და ნანა ახალაშვილმა უპასუხეს. კონსულტაციის გაწევის შემდეგ კი პორტალზე slr.napr.gov.ge დაარეგისტრირეს.
„ვებგვერდზე რეგისტრაცია მნიშვნელოვანია, რადგან კონკრეტულ სოფელში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებისას მოქალაქეს დავუკავშირდებით, რადგან პროცედურის დაწყებისთვის მისი ადგილზე ყოფნა აუცილებელია“, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.
შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქეებმა საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს სხვადასხვა პრობლემით მიმართეს.
რამდენიმე მოქალაქე აგრობარათით ვერ სარგებლობს, რადგან მათ დარეგისტრირებულ მიწაზე არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრეები ჰყავთ. თანამესაკუთრეთა იდენტიფიცირების დადგენას კი 75 ლარი სჭირდება. რამდენად შესაძლებელი ამ პრობლემის მიწის სისტემური რეგისტრაციით მოგვარება?
გიორგი შაიშმელაშვილის განმარტებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია მხოლოდ პირველად რეგისტრაციას გულისხმობს. უკვე დარეგისტრირებულ ნაკვეთში დაკორექტირება კი ფასიანია. ეს ხარვეზი იმან გამოიწვია, რომ მიღება-ჩაბარების აქტში თავის დროზე თანამესაკუთრეთა ვინაობა არ იყო მითითებული და ეს არც 2016 წლიდან რეგისტრირებულ დოკუმენტებში ჩაიწერა.
„კურიოზულია ფარცხნალში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა, – ამბობს მოქალაქე გია ხარაძე, – შვილიშვილმა ბაბუის მიწა 2018 წელს დაირეგისტრირა. ბაბუამისი, რომელიც 2013 წელსაა გარდაცვლილი, მის თანამესაკუთრედ ითვლება. ოფიციალური ცნობა ბაბუის გარდაცვალების შესახებ არსებობს.
საჯარო რეესტრი მიწის მხოლოდ შვილიშვილის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად 75 ლარის გადახდას ითხოვს. აგრობარათი შვილიშვილს ამ მიზეზით არ მისცეს. მიმაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზია და გარდაცვლილის თანამესაკუთრეთა სიიდან ამოღება უფასო უნდა იყოს“.
ჩალხაეთში 90-იან წლებში საკალმახე მეურნეობა მოაწყო რამაზ წიწილაშვილმა. გარკვეული მიზეზების გამო, სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა. ოთხი წელია, ის ამ ადგილის დარეგისტრირებას ცდილობს. ადგილი, სადაც საკალმახე მეურნეობა გააკეთა, ტყის ინვენტარიზაციის შემდეგ, 2011 წლიდან, სატყეო სააგენტოს საკუთრებაშია.
რამაზ წიწილაშვილს სატყეო სააგენტოდან აცნობეს, რომ შესაძლოა, რეგისტრაციის დაკორექტირება და მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემა, თუმცა, სატყეო სააგენტო ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. თუ რატომ, კონკრეტული მიზეზი წერილში არაა მითითებული.
საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა რამაზ წიწილაშვილს განუმარტეს, რომ მისი საქმის წარმოება შეჩერებულია და 2024 წელს განახლდება მაშინ, როცა წყალაფორეთის თემში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.
„სამეწარმეო საქმიანობის დაწყების შანსი ახლა მაქვს და სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მჭირდება, – ამბობს რამაზ წიწილაშვილი, – 2024 წლამდე ორი წელია. ჩემი უფლებების დასაცავად სატყეო სააგენტოს კიდევ ერთხელ მივმართავ“.
თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის რეგისტრაციის პროცესი 3-4 თვე გრძელდება. მიწის სისტემური რეგისტრაცის ფარგლებში მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება როგორც საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით, თუ მოქალაქეს მიწის დარეგისტრირება სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკით გაწერილ ვადაზე ადრე სურს. ამ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს და ყველა საჭირო დოკუმენტი საკუთარი ხარჯებით გააკეთოს. ანუ, მიწის სპორადული რეგისტრაცია ფასიანია.
მიწის სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკს გაეცამით ლინკზე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში