ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევში ერთ-ერთ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სამი წლის გოგონა საყლაპავი მილისა და სასუნთქი გზების დახშობით – ობსტრუქციით, გარდაიცვალა. ბავშვი დედასთან ერთად ხარაგაულში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც, სავარაუდოდ, შინდის კურკა გადასცდა. ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექთანი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ ადგილზე გამოძახებიდან 2-3 წუთში მივიდნენ.

„ბავშვს პულსი მინიმალურად ესინჯებოდა, – ამბობს ექთანი, – ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ ბავშვს, როგორც კი ცუდად გახდომა შეატყვეს, სახეში წყალი შეასხეს და მის დახმარებას ცდილობდნენ. ჩვენ რაც გვევალებოდა და შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ხარაგაულის საავადმყოფო შემთხვევის ადგილიდან მოკლე მანძილზეა და ის დაუყოვნებლივ კლინიკაში გადავიყვანეთ“.

ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი ამბობს, რომ „ბავშვს საავადმყოფოში მიყვანისას სასიცოცხლო ნიშნები მინიმალურად აღენიშნებოდა. მას რეანიმატოლოგისა და ანესთეზიოლოგის მიერ შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. თუმცა, ბავშვი ობსტრუქციით – საყლაპავი მილისა და სასუნთქი გზების დახშობით გარდაიცვალა.

რეალურად, ობსტრუქცია რამ გამოიწვია, ამის დადგენა მხოლოდ ექსპერტიზითაა შესაძლებელი. ოჯახმა კი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა“.

სამი წლის გოგონას ხუთშაბათს, 15 სექტემბერს, სოფელ ღარიხევში დაკრძალავენ.