15 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სწავლას 2 138 მოსწავლე შეუდგება, მათგან 181 პირველკლასელია.

როგორ ხვდებიან სკოლები ახალ სასწავლო წელს, რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლების დირექციები და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა მათ დასაძლევად, – ამ საკითხებზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მარინე ვეფხვაძეს ვესაუბრეთ.

მარინე ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ 2022 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი 104 ათასი ლარი „ზღვაში წვეთია“. ამ თანხით ინფრასტრუქტურა მხოლოდ სამ სკოლაში გაუმჯობესდა – ხუნევისა და გედსამანიის სკოლების შენობებზე სახურავი შეიცვალა. ხევის სკოლის საკლასო ოთახებში კარებები გამოიცვალა და ნესტისგან დაზიანებული სამი საკლასო ოთახი გარემონტდა.

– ხუნევის, გედსამანიის, ხევის, ბორისა და ვახანის სკოლებში ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მივწერეთ, რომ ამ ხუთი სკოლის შენობა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს და მომავალ წელს შესაბამისი თანხები გამოგვიყონ.

ხარაგაულის #3 სკოლის სახურავი წელს მოწესრიგდა, თუმცა, წყალი მაინც ჩამოვიდა. წყლის სადინარები პერიოდულად ფოთლებით ივსება და თითქმის ყოველ კვირაში გასაწმენდია.  ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დავაყენე საკითხი, რომ ამ სკოლის ეზოში ხეები გადაბელონ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26-ვე სკოლაში სველი წერტილები მოწესრიგებულია. კორონავირუსის პანდემიამ დაგვანახა, რომ სკოლებში ექიმი აუცილებელია. წელს ყველა სკოლაში სამედიცინო ოთახი მოეწყობა და შესაბამისი აპარატურით აღიჭურვება. სავარაუდოდ, 2023 წლიდან ექიმი ან ექთანი ყველა სკოლას ეყოლება. ამჟამად ექიმი რვა სკოლაში გვყავს – ხარაგაულის #2, #3, ხევის, ბორითის, კიცხის, მარელისის, ვერტყვიჭალის სკოლასა და სასულიერო გიმნაზიაში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ტენდერს ადგილობრივი თვითმმართველობა აცხადებს. ყველაზე მთავარია, მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილება. ამიტომ ტრანსპორტი ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. აქ მძღოლის ნაცნობ-მეგობრობით დასაქმება გამორიცხულია. ამჟამად 103 სვლაგეზი მოქმედებს – საქართველოში ხარაგაული ამ კუთხით ლიდერია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების ოცდაათმა მასწავლებელმა, ახლახან, წარმატებით ჩააბარა სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა. მასწავლებელთა ნაწილი თავიანთი საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა მიდგომებით უკმაყოფილოა.

განათლების სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა და იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთა მუშაობა სკოლებში გამორჩეული და განსაკუთრებულია, თუმცა, გამოცდა ვერ ჩააბარეს, სკოლისა და რესურსცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭოს. სკოლების დირექტორებს ვეუბნები, რომ თუ მაგალითად ოთხი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავთ, რეკომენდაციას ოთხივეს ნუ გაუწევენ. ამ რეკომენდაციით თუ ყველა პრაქტიკოსი სკოლაში დავტოვეთ, მაშინ გამოცდასა და კონკურსს რა აზრი აქვს?!

სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსები მიმდინარეობს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესში ჩართული არიან როგორც სამინისტროს, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

ახლა სკოლებში საგაკვეთილო საათები ნაწილდება. ამ დროს მასწავლებლებსა და დირექციას შორის, გარკვეულწილად, სიტუაცია იძაბება. მინდა, ყველას სიმშვიდისკენ, კანონის დაცვისკენ მოვუწოდო. არ არსებობს ცნება „ჩემი საათები“. სკოლა ვალდებულია, სტატუსიანი მასწავლებელი დატვირთოს 13 (დაწყებითი) /15 (საბაზო/საშუალო) საათით. ამის ზევით უკვე უფლებაა და არა ვალდებულება. თუ შესაბამის კათედრაზე არ არის საკმარისი რაოდენობის საათები, არსებული საათები უნდა განაწილდეს შეძლებისდაგვარად, თანაბრობის პრინციპის დაცვით, სტატუსიან მასწავლებლებს შორის.

ძალიან ვწუხარ იმის გამო, რომ წელს ფარცხნალის დაწყებითი სკოლა დაიხურა. ამ სკოლაში გასულ სასწავლო წელს ძმები სწავლობდნენ, მხოლოდ ორი მოსწავლე. უფროსი ძმა ხარაგაულის #3 სკოლის მეხუთე კლასში გადმოდის. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უმცროსიც ამ სკოლაში გადმოიყვანონ. ფარცხნალის სკოლის შენობაში ახლა ვერაფერს განვათავსებთ. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში ერთ დარაჯს დავასაქმებთ, რომ შენობას, ეზოს მიხედოს და იქაურობა არ გაპარტახდეს

ერთმოსწავლიანია თეთრაწყაროს დაწყებითი სკოლა. ერთმოსწავლიანი კლასები ჰყავთ ბაზალეთში, უბისაში, სარგვეშში, ლაშესა და წყალაფორეთში. წელს უბისის სკოლაში პირველკლასელი არ გვეყოლება.

განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის ბოლომდე სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის გამოცდა ჩატარდება. ეს გამოცდა საკმაოდ რთულია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს დაბალი ანაზღაურება აქვთ – მათი ხელფასი 500-600 ლარს არ სცილდება. პასუხისმგებლობა კი ძალიან დიდია. ამიტომ ახალგაზრდები ამ კონკურსში ნაკლებად ერთვებიან. შესაძლოა, განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალოს და მოქმედ სერტიფიცირებულ დირექტორებს, რომლებიც უკვე ორი ვადით – 12 წელი – სკოლას ხელმძღვანელობდნენ, იმავე სკოლის დირექტორად მუშაობის ვადა გაუხანგრძლივოს. ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია სექტემბრის ბოლოს გვეცოდინება.

ხარაგაულში სამი სკოლის დირექტორმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამჟამად წყალაფორეთის სკოლის დირექტორის მოვალეობას ნათია დვალი ასრულებს, ხარაგაულის #2 სკოლის დირექტორის მოვალეობას – მადონა ულუმბელაშვილი, ხუნევის სკოლის დირექტორის მოვალეობას – გოჩა ჩადუნელი.

დიდი მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, რომ მომეცით შესაძლებლობა და ახალ 2022-2023 სასწავლო წელს ვულოცავ ხარაგაულის სკოლების კოლექტივებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ყველას ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.

ნინო კაპანაძე