ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრში მოქმედი პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური საჯარო სკოლების მეორე საფეხურის მოსწავლეებს ეხმარება პროფესიის არჩევაში. ამ სამსახურის სპეციალისტის, მარიკა ბააკაშვილის, ინფორმაციით ეს პროგრამა თავდაპირველად ხარაგაულის #2 და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებში დაინერგა. მე-9 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტესტირება, თუ რომელი პროფესია იყო მათთვის უფრო მიმზიდველი. ამის შემდეგ მათ უტარდებოდათ გაკვეთილები  თუ როგორ აირჩიონ მომავალი პროფესია. 

2015 წელს ამ პროგრამაში ჩაერთვნენ კიცხის, მარელისისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლები.

ამ სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეების სურვილების გათვალისწინებით იგეგმება სხვადასხვა ორგანიზაციებში სტუმრობა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მუზეუმი, ბიბლიოთეკა, აფთიაქი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საჯარო  რეესტრი, პოლიცია, რედაქცია, სოციალური სააგენტო, სტომატოლოგიური კლინიკა. მოსწავლეები გაეცნენ აქ დასაქმებულთა საქმიანობის სპეციფიკას. მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.

15 მაისს კიცხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ინგა აბაშიძესთან ერთად ხარაგაულში რამდენიმე სამსახური მოინახულეს. თავდაპირველად სახანძრო-სამაშველო სამსახურს ეწვივნენ და გაეცვნენ მეხანძრისა და მაშველის პროფესიის თავისებურებებს. მოსწავლეები დაინტერესდნენ მეხანძრის აღჭურვილობითა და ტექნიკით. სახანძრო -სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ზვიად ხუტაშვილი მათ შეკითხვებს ამომწურავად პასუხობდა.

კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება ოჯახზე და სხვა რა  მომსახურების მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს  სოციალურ სამსახურში, – ამ სამსახურის უფროსმა სპეციალისტებმა კახა კალანდაძემ, ნაზი გველესიანმა და იურისტმა ვიტალი მეტრეველმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და მათი სამუშაო გარემო დაათვალიერებინეს.

სოციალური სამსახურის შემდეგ მოსწავლეები გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ესტუმრნენ სადაც გაზეთის რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ მოსწავლეებს უამბო ხარაგაულში გაზეთის დაარსების ისტორია, ასევე ესაუბრა „ჩემი ხარაგაულის“ 17-წლიან ისტორიაზე,  ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტის პროფესიის მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებზე.

კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია პოლიციელის პროფესიამ. მათ დაათვალიერეს ხარაგაულის პოლიციის შენობა და ადგილზე გაეცვნენ ამ პროფესიის სირთულეებს. დაინტერესდნენ, გარდა დამნაშავეევის დაკავებისა, კიდევ რა შედიოდა პოლიციელის მოვალეობებზე. მოსწავლეებს ამომწურავად ესაუბრა ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილე უჩა რამიშვილი.

ბოლოს კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხარაგაულის საჯარო რეესტრი მოინახულეს. შორენა ყანჩაველისა და ბესო კვირიკაშვილისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა მომსახურეობის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს აღნიშნულ სამსახურში.

კიცხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ირმა გიორგაძე ამბობს, რომ ძალიან მოსწონს გაკვეთილები, რომლებიც წელს მათ კლასს უტარდება პროფესიის არჩევაში დასახმარებლად.

„მარიკა ბააკაშვილის ხელმძღვანელობით გვიტარდება „პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის“ გაკვეთილები – ამბობს კიცხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ერეკლე გამრეკელაშვილი, – გვიტარდება ტესტირებები. ვფიქრობ, ჩვენთვის სასარგებლოა  სხვადასხვა პროფესიის ადამიანების საქმიანობის გაცნობა.“

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: კიცხელი მეცხრეკლასელები სახანძრო -სამაშველო სამსახურში