ხარაგაულელი ახალგაზრდები – შალვა ჩხეიძე, მირიან შარიქაძე და შოთა გოლუბიანი ხარაგაულში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის დაფუძნებას აპირებენ.

რა მიზანს ისახავს ამ ლეგიონის შექმნა, ვის და როგორ შეუძლია გახდეს მისი წევრი, – ამ საკითხებზე ლეგიონის ერთ-ერთ დამფუძნებელ შალვა ჩხეიძეს ვესაუბრეთ.

-გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის მიზანია ახალგაზრდების სალაშქრო და სამხედრო კუთხით მომზადება, მათში პატრიოტული, ჯანსაღი სულისკვეთების გაძლიერება, – ამბობს შალვა ჩხეიძე, – მნიშვნელოვანია, პატარა ასაკიდანვე ვიცოდეთ, თუ როგორ მოვიქცეთ ლაშქრობისას, კრიტიკულ სიტუაციებში, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, საჭიროების შემთხვევაში როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი სამედიცინო დახმარება საკუთარ თავს და გვერდით მყოფს. ზოგადად, ამ უნარებს ყველა ადამიანი უნდა ფლობდეს.

ლეგიონში 14-დან 21 წლის ასაკის ახალგაზრდები მიიღებიან. თავდაპირველად მათ თეორიული და საბაზისო კურსი უნდა გაიარონ.

საბაზისო კურსი 8-9 კვირიან სწავლებას მოიცავს. კვირაში ორი დღე – სავარაუდდოდ, შაბათი და კვირა – გაიმართება თეორიული და საველე სწავლებები. საველე სწავლებისას ლაშქრობები მოეწყობა. ამ დროს ახალგაზრდები, ჩანთის ჩალაგებიდან დაწყებული ცეცხლის დანთებითა და თავშესაფრის მოწყობით დამთავრებული, ყველა დეტალს შეისწავლიან.

როგორ მოვიქცეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორ შევაჩეროთ სისხლდენა, როგორ შევახვიოთ მოტეხილობა, ვის და როგოს დავუკავშირდეთ – ეს ის საკითხებია, რომელთა ცოდნაც ყოველდღიურობაშიც გამოგვადგება.

ახალგაზრდებს შევასწავლით ასევე სამხედრო კუთხით დაზვერვას და სხვ.

საბაზისო კურსი მოიცავს სხვადასხვა გასვლით და შემეცნებით ღონისძიებებს – სპორტულ შეჯიბრებებს, მუზეუმებში სტუმრობას, ომების ისტორიის შესწავლას, ლექცია-სემინარებს. ხარაგულელმა ახალგაზრდებმა, პირველ რიგში, ხარაგაულის ისტორია უნდა იცოდნენ.

საბაზისო კურსის გავლის შემდეგ ლეგიონერი გახდება ის, ვინც ცხრა მეცადინეობიდან ორზე მეტს არ გააცდენს, დაემორჩილება წინასწარ შემუშავებულ წესებს და ტესტირებას ჩააბარებს.

შემდგომში, ვისაც ენდომება, ლეგიონერთა დიდ ოჯახთან ურთიერთობა, მათთვის სხვადასხვა მიმართულებით (მთასვლელობა, რუკათმცოდნეობა, კავშირგაბმულობა) სწავლება ლეგიონერთა ბანაკებში გაგრძელდება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხარაგაულში ლეგიონში ჩართვის მსურველებს სალაშქრო და ეკოლოგიური მიმართულებით ვასწავლოთ, რადგან ამის კომპეტენცია და რესურსები მეტად გაგვაჩნია.

გიორგი მაზნიაშვილის ლეგიონის წევრობა უდიდეს შესაძლებლობას გვიხსნის და გვაკავშირებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ და პატრიოტ მოქალაქეებთან. ერთი წელია, ამ ლეგიონის საქმიანობას ვაკვირდები და მისაბაძია მათი გუნდურობა, ურთიერთდახმარების სურვილი, საკითხების გააზრებისა და გადაჭრის უნარები.

ლეგიონმა საქმიანობა ენთუზიაზმით დაიწყო და დღემდე ასე აგრძელებს. 2016 წლიდან მათი მხარდამჭერია თავდაცვის სამინისტრო. სამინისტრო ლეგიონის წევრებს ტრანსპორტირებაში ეხმარება. ასევე მათ ეკიპირებას უზრუნველყოფს. რეგიონებიდან ამ ლეგიონში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი იზრდება. წელს უკვე 10 მუნიციპალიტეტში გაივლიან მაზნიაშვილის ლეგიონის საბაზისო კურსს.

მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებთან მემორანდუმს ვაფორმებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ხარაგაულის თვითმმართველობა ჩვენი მხარდამჭერი გახდება. ნებისმიერი ორგანიზაციისგან თუ კერძო პირისგან ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ გაგვახარებს, თუმცა, ამის ვალდებულება არავის აქვს. მაზნიაშვილის ლეგიონი მოხალისეობრივი ორგანიზაციაა და შესაბამისად, ყველაფერი ჩვენი რესურსით კეთდება.

2007 წელს გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი პაატა გიგაურმა და გიორგი რაზმაძემ დააფუძნეს.

„ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული მომზადება, შეიარაღებული ძალებისთვის წინასწარ გაწვრთნილი და მოტივირებული კადრების შერჩევა და მოხალისეობრივი მოძრაობის პოპულარიზაცია, ეს იყო ჩვენი მიზანი, – ამბობს პაატა გიგაური, – ლეგიონის წევრები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კაჟდებიან, უცხო გარემოში ადაპტაციისა და კრიზისული სიტუაციების ეფექტურად გადაჭრის უნარები უვითარდებათ“.

ხარაგაულში მაზნიაშვილის ლეგიონის შესახებ პრეზენტაცია 18 სექტემბერს იგეგმება.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: შალვა ჩხეიძე გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის შესახებ „ქუჩის კალათბურთის“ მონაწილეებსა და დამსწრეებს ესაუბრა

P.S. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1921 წლის თებერვალში, რუსეთისგან დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის დღეებში, მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სოღანლუღის სიმაღლეებს თბილისის მისადგომებთან.

გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, სადაც, ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში. მას, როგორც „მოღალატეს“ და „სამშობლოს მტერს“ ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია.

გიორგი მაზნიაშვილი დასახლდა თავის მამაპაეულ სოფელ სასირეთში და ხელი მიჰყო მეურნეობას. 1937 წელს, რეპრესიების დროს დაიჭირეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია.