თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის სარჩელი.

ბავშვებს ამ დროისთვის არ აქვთ საკვები, თავშესაფარი და ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას.

ამ ბავშვების ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იცავს. ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ქართულმა სასამართლომ მათი სარჩელი ტექნიკური ხარვეზის გამო არ დააკმაყოფილა.

„როცა არ გინდა სარჩელის დაკმაყოფილება, ტექნიკურ მიზეზებს ყოველთვის იპოვი, – ამბობს ანა არგანაშვილი, – არცერთხელ გაეროს ბავშვთა უფლების კომიტეტს და ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს ტექნიკური მიზეზი ბავშვების ტანჯვაზე წინ არ დაუყენებია. მითუმეტეს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, როდესაც სახელმწიფო მანქანას ერთი მოქალაქე, ამ შემთხვევაში ბავშვები უჩივიან.

მხოლოდ საქართველოში ვისმენთ „სარჩელის გაუმართაობას“ ბავშვების შიმშილის საპირწონედ. ეს არ არის ბავშვთა უფლებების დაცვა. მითუმეტეს, როდესაც სასამართლომ ერთხელ ხარვეზი დაგვიდგინა, იმავე დღეს გავასწორეთ. თუ ტექნიკური გაუმართაობა იყო პრობლემა, შეეძლოთ ხარვეზის განჩინებაში ჩაეწერათ“.

3 აგვისტოს PHR-მა საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ. ორგანიზაცია ითხოვს, რომ ბავშვები თავშესაფრით, საკვებით და სხვა აუცილებელი პირობებით დაუყოვნებლივ უზრუნველყონ.

ორგანიზაცია ასაჩივრებს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის განკარგულებას უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის შესახებ. სარჩელში მოპასუხედ მთავრობაა დასახელებული. სასამართლოს განჩინებით, სარჩელში მოპასუხედ მთავრობა არ უნდა იყოს მითითებული.

„ჩვენთვის მთავრობაა მოპასუხე, რადგან მისი განკარგულებით, პირველი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა, – ამბობს ანა არგანაშვილი, – თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ“.