საღანძილეში მცხოვრები გიორგი კიკნაძე ომში 1942 წელს გაიწვიეს. დაბადების მოწმობის თანახმად, ის 18 წლისა იყო. მხოლოდ ამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო, რომ სინამდვილეში 1926 წელსაა დაბადებული და ომში 16 წლისა გაიწვიეს. გიორგი კიკნაძის მშობლები საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ლაგოდეხში გადაასახლეს. 4 წლისას უკვე მშობლები აღარ ჰყავდა. ამიტომ ბიძებმა საღანძილეში წამოიყვანეს. გიორგი კიკნაძეს თან საბუთები არ ჰქონდა. ბიცოლას უთქვამს, შენ ჩემი შვილის ტოლი იქნებიო და დაბადების თარიღად 1924 წელი ჩაუწერეს.

„1942 წელს ჯერ ქუთაისში წამიყვანეს და იქ გავდიოდით წვრთნებს, – იხსენებს 88 წლის გიორგი კიკნაძე. ქუთაისიდან კიევში გაგვაგზავნეს. გარეუბანში ვიყავით. ბრძოლებით ჩერნიგოვიდან  პოლონეთამდე მივედით. პირველივე ბრძოლაში დავიჭერი. ორ კვირაში გამოვჯანმრთელდი. შემდეგ უფრო მსუბუქი საქმე დამავალეს, – ჯარისკაცებისთვის საჭმელი დამქონდა. ჩერნიგოვის ბრძოლისას, ჭურვის აფეთქების შემდეგ მძიმედ დავიჭერი. ცოტა ხანს კიევში ვიყავი ჰოსპიტალში, შემდეგ კისლოვოდსკში გადმომიყვანეს. მარცხენა ფეხის მენჯ-ბარძაყის მყესები დამიზიანდა და 6 თვე ვიწექი ჰოსპიტალში. 1945 წლის მარტში დავბრუნდი საღანძილეში და მალე ომიც დამთავრდა. ხალხი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა, ომის დამთავრება რომ შეიტყო. ყველა მხიარულობდა – ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა.“

გიორგი კიკნაძე იხსენებს, რომ მისი თანამებრძოლებიდან ცოცხალი თითქმის აღარავინაა. „ვალოდია ჭანკვეტაძე და ჭიჭიკო კაპანაძე პირველივე ბრძოლისას დაიღუპნენ. ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა ჩემი გამზრდელი ბიძა. მე და კალენიკე ბაკურაძე დავბრუნდით და მერე ერთად ვმუშაობდით,“ – იხსენებს გიორგი კიკნაძე.

ომის დამთავრების შემდეგ გიორგი კიკნაძე რკინიგზაში 43 წელი მუშაობდა. ოთხი შვილი, შვიდი შვილიშვილი, ცხრა შვილთაშვილი და ერთი შვილიშვილის შვილიშვილი ჰყავს.

„ომი დიდი საშინელება და გაჭირვებაა, – ამბობს გიორგი კიკნაძე, – ვუსურვებ ომის ვეტერანებს მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს.  ძალიან ცოტა დავრჩით ომის მონაწილეები. არასდროს აღარ უნდა განმეორდეს ომი, – ესაა ჩემი და ყველა ომგამოვლილი ადამიანის სურვილი.“

ნინო კაპანაძე