ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან დაფუძნებული ექვსიააიპ-ისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 113 700 ლარი გამოიყო.

  • ააიპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დაფინანსება 27 000 ლარით იზრდება;
  • ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ – 20 000 ლარით;
  • ააიპ „სპორტისა და ტურიზმის ცენტრის“ – 12 000 ლარით;
  • ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ – 20 200 ლარით;
  • ააიპ „სათნოების სახლის“ – 25 000 ლარით;
  • ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ – 10 500 ლარით.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ ცენტრში სამი ახალი შტატი დაემატა – დირექტორის მოადგილის, ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელისა და მომღერლის. ამისთვის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს წლის ბოლომდე სახელფასო ფონდში დამატებით 5 ათასი ლარი ესაჭიროება. ამ ააიპ-მა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე მოითხოვა:

  • 7 000 ლარი წლის განმავლობაში სხვადასხვა დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სატრანსპორტო მომსახურებისთვის;
  • 12 000 ლარი – თურქეთში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიწვეული ხარაგაულის სახალხო თეატრის ხარჯებისთვის;
  • 3 000 ლარი ახალი პროექტების მოსამზადებლად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოსადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ

ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას“ 20 000 ლარი მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალურ გზებზე ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდის სამუშაოების შესასრულებლად სჭირდება;

ააიპ „სპორტისა და ტურიზმის ცენტრს“ – დამატებით მოთხოვნილი 12 000 ლარიდან 3 000 ლარი სატრანსპორტო ხარჯებისთვის, 9 000 ლარი საზაფხულო ღონისძიებების – კერძოდ, „კარვების ბანაკის“ მოსაწყობად;

ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება იზრდება. ამიტომ ამ ორგანიზაციისთვის დამატებით გამოყოფილი 20 200 ლარიდან 16 400 ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯების შესავსებად მიიმართება, ხოლო 3 800 ლარი – უკვე განხორციელებული ორი პროექტის – საზაფხულო ბანაკისა და კინოქალაქ „სინემასთვის“ გაწეული ხარჯების დასაფარად.

ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“1 დამატებით მოთხოვნილი 10 500 ლარიდან 8 000 ლარი სატრანსპორტო ხარჯებისა და 2 500 ლარი ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად სჭირდება.

ააიპ „სათნოების სახლი“ დამატებით მიღებული 25 000 ლარიდან 8 000 ლარს შრომის ანაზღაურების ხარჯების შესავსებად, 15 000 ლარს კვების ხარჯებში და 2 000 ლარს საწვავის ხარჯებში მიმართავს.

დღეს, პირველ აგვისტოს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე ამ საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან დაფუძნებული ამ ორგანიზაციებისთვის დამატებითი თანხები 2022 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოიყოფა.