სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 188 პროექტი შეირჩა. 

ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, პეტრე შარიქაძის ინფორმაციით, ამ შერჩეული პროექტებიდან 17 პროექტი, თანხის სიმცირის გამო, ვერ განხორციელდება.

„მოსახლეობისგან საერთო კრებებზე შერჩეული პროექტები პრიორიტეტების მიხედვით დაჯგუფდა, – ამბობს პეტრე შარიქაძე, – დაპროექტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონკრეტული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა ყველა პროექტს არ ჰყოფნის. ამიტომ სოფლებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდება. ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია კრების ჩტარების დროსაც მივაწოდეთ“.

„სოფლებში საერთო კრებები როდესაც მოეწყო, მოსახლეობამ დასახა პრიორიტეტები, რომლებიც მომავალში პროექტებად უნდა ქცეულიყო და განხორციელებულიყო, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – გადაწყვეტილებას მოსახლეობა საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით – სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ცენტრალური ბიუჯეტიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხების მიხედვით იღებდა.

საკრებულოში მოსაწონებლად ყველა პრიორიტეტი წარვადგინეთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით ამ პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა კონკრეტული პროექტისთვის განსაზღვრულ თანხას არ უნდა აღემატებოდეს. ვთქვათ, სტადიონის მოწყობაზე 4 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამაზე მეტ თანხას ვერ დავამატებთ.

გარკვეული პრიორიტეტები, რომლებიც კრებებზე დასახელდა, პროექტებად ვერ იქცა, ვინაიდან კონკრეტული პროცედურებია დასაცავი.

უყურადღებოდ არც ერთ პროექტს არ დავტოვებთ. მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ააიპ-ის საშუალებით შევეცდებით, რომ სოფლებში მოსახლეობისგან დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“.

2022 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 890 ათასი ლარი, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 531 ლარი გამოიყო.

2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვერ განხორციელდება 46 500 ლარი ღირებულების შემდეგი პროექტები:

  • ბაზალეთში – გარე განათება – ლომსაძეების უბანი-სასაფლაო,
  • ბაზალეთში – გარე განათება – ნანიტაშვილების უბანი,
  • ქროლში – სტადიონი,
  • ბორითში – საყრდენი კედელი,
  • კვესრევში – სასაფლაოს გზა,
  • ციხისძირში – გზის მონაკვეთის მობეტონება,
  • კიცხში – გზაზე ცხაური,
  • ლეღვანში – წისქვილისთვის არხის შეკეთება (კიბაბოურის უბანი),
  • ბაბში – სასმელი წყლი რეზერვურის მოწყობა,
  • ჯაფაროულში – გარე განათება,
  • ხიდარში – გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ბარიერი,
  • ღორეშაში – წისქვილის სათავის რეაბილიტაცია,
  • ხუნევში – ამბულატორიის შემოღობვა,
  • ხუნევში – გარე განათება,
  • გედსამანიაში – გარე განათება,
  • ვერტყვილაში – სასაფლაოს შემოღობვა,
  • ვერტყვილაში – წყლის 2 ტონიანი რეზერვუარის შესყიდვა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პროექტებში ცვლილების შეტანას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველი აგვისტოს სხდომაზე აპირებს.