ზემო იმერეთის სოფელ გეზრულში მცხოვრებ მასწავლებელს კობა შეკილაძეს ყოველთვის უყვარდა საკუთარი სოფელი და უნდოდა რაიმე ბიზნესის წამოწყება ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

2016 წელს მან საკუთარი სურვილის ასრულება 22 ჰექტარი ფართობის ჩაის პლანტაციების დაუფლებით და არომატული ორგანული ჩაის სახეობების მოყვანით დაიწყო, რისთვისაც მან „ხავერდოვანი ჩაის კოოპერატივი“ დააფუძნა. დღეისათვის აღნიშნულ ჩაის პლანტაციაზე 25 ადგილობრივია დასაქმებული.

ჩაის ბრენდს „ტე-ამო“ ქვია, რაც ესპანურად „მიყვარხარ“-ს ნიშნავს. ეს სახელი კომპანიის მიერ საკუთარი პროდუქციისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების დემონსტრირებას ახდენს.

იმერეთის მთიანეთის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ზღვის დონიდან 690 მეტრზე ჩაის კულტივირება, გადამუშავება და შეფუთვა სიყვარულით ხდება. ძველის და ახლის შერევით კობა შეკილაძე საუკეთესო პროდუქტს იღებს: ჩაის ფოთლების კრეფა ხელით ხდება, რის შემდეგაც ფოთლების გადამუშავება თანამედროვე აღჭურვილობის მეშვეობით ხორციელდება.

ფაქიზი ფოთლების კრეფიდან დაწყებული, მათი გაშრობითა და შეფუთვით დასრულებული, პროცესის ყველა ეტაპზე ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების წესების მკაცრად დაცვა ხდება. გარდა იმისა, რომ ჩაის საბოლოო პროდუქციას მდიდარი გემო და საუცხოო არომატი გააჩნია. „ხავერდოვანი ჩაი“ ევროკავშირის „ჩაის მარშრუტის“ რუკაზეც არის განთავსებული.

მას შემდეგ, რაც „ხავერდოვანმა ჩაიმ“ პროექტ „გრეტას“ მეშვეობით ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერა მიიღო, კიდევ უფრო მეტი რამ გახდა შესაძლებელი, რის შედეგადაც კომპანიამ საჭირო აღჭურვილობის მათ შორის მწვანე ჩაის გამშრობი დანადგარის, შავი ჩაის დამფასოებელი მანქანის, საშრობის, როლერის, შემფუთავი დანადგარების და სხვა აღჭურვილობის შეძენა შეძლო.

„ამგვარი დახმარება ცხოვრებაში არავისგან მიმიღია, მამაჩემისგანაც კი,“ ამბობს კობა შეკილაძე„პროექტმა „გრეტამ“ წარმოების გაფართოება და ამავე დროს მაღალი ხარისხის შენარჩუნება შესაძლებელი გახადა.“

ჩაი „ტეამო“ საქართველოში უკვე იყიდება, თუმცა ამ ბრენდის შემქმნელს საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებით დიდი იმედები გააჩნია. ორგანულ სერტიფიცირებულ ჩაის მაღალი ფასი ადევს და საქართველოში მისი ყიდვა ყველას არ შეუძლია.

გარდა ამისა, კობა შეკილაძის ოცნებები ჩაის სცილდება. მისი თქმით, მის სოფელს აგროტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ეწვიონ მის პლანტაციას, ადგილზე გაათენონ ღამე და თავად მოიყვანონ და მოამზადონ საკუთარი ჩაი. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად ახალი გამოცდილება, რომელიც ამჟამად საქართველოში არ არსებობს.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია www.gretaproject.ge