საქართველოში და მათ შორის – იმერეთში კორონავირუსის შემთხვევათა მატება ფიქსირდება.

„რამდენიმე კვირის წინ, მთელი იმერეთის მასშტაბით, ერთეული შემთხვევები იყო. დღეს კი ყოველდღიურად 20-30 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, – თუმცა, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის მსუბუქი ფორმებია.

ვაქცინა თავის ფუნქციას კარგად ასრულებს. შესაბამისად, ვაქცინირებულ ადამიანებს, რომლებიც ახლა ინფიცირდებიან, ეს ვირუსი იმდენად მარტივად გადააქვთ, რომ ავადობის პერიოდში ბინაზე იმყოფებიან.

გასული კვირის მონაცემებით, A ტიპის H1 და N1 ვირუსებმა უკან დაიხიეს, მაგრამ გააქტიურდა  ენტეროვირუსული, სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებები. ასევე  გვაქვს ვაქცინაციით მართვადი დაავადებებით – წითელა, წითურა და ჩუტყვავილა – ინფიცირების შემთხვევები.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებას მოვუწოდოთ და პანდემიის დროს გამოტოვებული გეგმიური აცრები განვაახლოთ. აუცილებელია, ბავშვები მივიყვანოთ ამცრელ კაბინეტებში და გამოტოვებული გეგმიური აცრები ჩავუტაროთ.

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებს დაავადების ნიშნები არ გამოვლენიათ. „მაიმუნის ყვავილის“ გადაცემის ფორმიდან და გზებიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ ამ დაავადების მწვავე აფეთქება მივიღოთ, ნაკლებადაა.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოონოზური ინფექციები და ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, რისკები არის, რომ ეს დაავადებები დასავლეთ საქართველოშიც გადმოვიდეს; თუმცა, ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები შესაბამისი პროტოკოლებით აღჭურვილები და ინფორმირებულები არიან და აქტიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს“.