საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით იწყებს „ბავშვთა კეთილდღეობის კვლევას“, რათა განისაზღვროს და გაანალიზდეს ბავშვების წინაშე არსებული პრობლემები, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი გამოწვევები.

კვლევის მიზანია, განისაზღვროს ის მიღწევები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ბავშვები საქართველოში ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლებაში, ბავშვთა კვებაში, ჯანმრთელობაში, ბავშვთა და სოციალურ დაცვაში; ასევე კვლევის მიზანია, გამოავლინოს ბავშვთა შორის არსებული უთანასწორობები, რასაც სახელმწიფო უფრო მიზნობრივი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის საშუალებით უპასუხებს.

აღნიშნული კვლევა დაეფუძნება საქსტატის რეგულარულ კვლევას – შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა. საქსტატთან შეთანხმებით, აღნიშნულ კვლევას გაეროს ბავშვთა ფონდი დაამატებს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ბავშვთა მატერიალური დანაკლისი, ბავშვის აღზრდის მეთოდები, ბავშვის ადრეული განვითარება, ბავშვის სოციალური დაცვა, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ბავშვთა სასკოლო კვება.

კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას და შექმნის მტკიცებულებებს საჯარო პოლიტიკის დასახვეწად განათლების, ჯანდაცვის, ბავშვთა და სოციალური დაცვის სფეროებში. ამას გარდა, კვლევის შედეგების გაცნობით საქართველოს პარლამენტი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება, თუ როგორ მოახდინოს ბავშვის უფლებების კოდექსის განხორციელების მონიტორინგი.

საველე სამუშაოების ჩატარებას საქსტატი 2022 წლის ივლის-სექტემბერში გეგმავს. კვლევაში ჩაერთვება საქართველოს 1300 შინამეურნეობა, რომელიც 2600 ბავშვს მოიცავს. ამ მიზნით კვლევაში მონაწილე 130-მდე საველე პერსონალს შესაბამისი ტრენინგი უტარდებათ. საქსტატის ინტერვიუერები დეტალურად გაეცნობიან კვლევის მეთოდოლოგიას, კითხვარების შევსების ინსტრუქციასა და საველე პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს. კვლევის შედეგები 2023 წლის პირველ კვარტალში გამოქვეყნდება.

წყარო