გაძვირებული ცხოვრება და ლარის გაუფასურებით გამოწვეული სიდუხჭირე განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობას გვაწუხებს.
საქსტატის შეფასებით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.8%-ით განისაზღვრა.
2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ზრდაზე საუბრისას გასათვალისწინებელია რეგიონების მდგომარეობა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა მთელ ქვეყანაში ერთნაირად არ ხდება. ზოგიერთი რეგიონი მეტ-ნაკლებად ხეირობს. ინფლაციიდან გამომდინარე, მთელ რიგ რეგიონებში ადამიანები უფრო გაღარიბდნენ. ამას ემატება ისიც, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება.
„რეგიონებში, როცა ათი კაციდან შვიდი უმუშევარია, იმ სამისთვის ხელფასის ზრდა, ვერაფერი წინსვლაა. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კი ათიდან მხოლოდ ორია უმუშევარი. ხარაგაულში, მაგალითად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. კერძო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობას დაბალი ანაზღაურება აქვს.
საქსტატის მონაცემებით, კერძო სექტორში ყველაზე დაბალი თვიური ხელფასი – 672 ლარი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, ყველაზე მაღალი – 1 700 ლარი – თბილისში. ზოგ რეგიონში, მაგალითად, ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა და კიდევ გაიზრდება. შეიცვლება იმ რეგიონების მდგომარეობაც, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები დიდი რაოდენობით მოჰყავთ, რადგან ყველაზე მეტად ფასები ამ პროდუქტებზე გაიზარდა.
რეგიონებს შორის ეკონომიკური განვითარების კუთხით ძალიან მკაფიო განსხვავება ცალსახაა“.
ხარაგაულში თითქმის ყველას უჭირს – დასაქმებულებსაც და უმუშევრებსაც.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი ია ტაბატაძე ამბობს, რომ წელს მას ხელფასი მოემატა, მაგრამ გაზრდილი ინფლაციის ფონზე, ეს აუცილებელი ხარჯების დასაფარად არასაკმარისია. იას არ ეგულება ადამიანი, რომელსაც ბანკიდან სესხი არ აქვს აღებული. მისი თქმით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი ცხოვრობს კარგად, უმრავლესობას თავი ძლივს გააქვს.
მასწავლებელი თამარ მაქაძე ამბობს, რომ ხარაგაულში, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ყველაფერი 3-4-ჯერ ძვირია. ის იხსენებს, რომ გასულ წლებში, როცა ხელფასი 40 ლარი ჰქონდა, პურის ფქვილი 15 ლარი ღირდა, ახლა ხელფასი მოემატა, მაგრამ ფასები კატასტროფულად გაიზარდა. ამიტომ მას უჭირს თქმა, რომ ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება.
ტაქსის მძღოლი გიზო ბუაჩიძე საწვავის სიძვირეზე საუბრობს. ის კლიენტებს მგზავრობის ღირებულებას ვერ უზრდის, რადგან ხალხი იმაზე მეტად გადახდისუუნაროა, ვიდრე გასულ წელს. ამიტომ, ძირითადად, მგზავრების მოლოდინში მთელ დღეს ტყუილად ვატარებთო, – ამბობს.
საცხობის მეპატრონე ანა მაღლაფერიძეს თვიდან თვემდე „ნისიად“ გაცემული ფუნთუშეულის თანხის ამოღება უჭირს. ანა ამბობს, რომ, ფაქტობრივად, დღის ბოლოს სახლში მხოლოდ „პურის ფული“ მიაქვს.
სასურსათო მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ მკვეთრად მოიმატა „ნისიებმა“. არასასურსათო მაღაზიების მფლობელების თქმით, მდგომარება იგივეა, რაც გასულ წელს იყო.
წამალი თუ ვიყიდეთ, საკვების ფული აღარ გვრჩებაო, ამბობენ პენსიონერები და სასურსათო მაღაზიის მეპატრონეს ისევ მომავალი თვის „ნისიების რვეულში“ გადააქვს მათი სახელი და გვარი.
„რეგიონების განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი თავის მოტყუებაა, – ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა, – მუნიციპალიტეტების გრძელვადიან ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვა უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავი“.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.